Thumbnail
  • 📅 21 ნოემბერი | ⌚ 21:15 | 🏉 უელსი V საქართველო | 📺 TV იმედი
  • 'ინგლისთან შედეგის მიუხედავად, გუნდს დაცვაში აშკარა პროგრესი ეტყობოდა'

ფრანგული ბაიონის მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე უკვე ინგლისშია და ბორჯღალოსნებთან ერთად “შემოდგომის ერთა თასის“ მომავალი მატჩებისთვის ემზადება. 29 წლის ქართველმა მორაგბემ წლის დასაწყისში აქილევსზე ურთულესი ტრავმა მიიღო, რის გამოც რვა თვე გაუცდა და TOP 14-ის ბინადარმა მონპელიემაც კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივა. კოტემ ცოტა ხნის წინ დაასრულა რეაბილიტაცია, ბაიონს სამედიცინო ჯოკერის სტატუსით შეუერთდა და უკვე სამი თამაშის ჩატარებაც მოასწრო. მიქაუტაძესთან ინტერვიუ საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

გამოკითხვა

რამდენი ქულით მოიგებს უელსი?

  • 27,5 ქულაზე მეტით
  • 27,5 ქულაზე ნაკლებით

“8-თვიანი პაუზის შემდეგ, ჯერჯერობით საუკეთესო ფორმისგან შორს ვარ, თუმცა კვირიდან კვირამდე პროგრესი აშკარად იგრძნობა. დიდ დროს ვუთმობ ფიზიკურ მომზადებას. “შემოდგომის ერთა თასი” ქართული რაგბის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, რომ ზედიზედ მეორე წელია მსოფლიო თასს ვთამაშობთ. ეს შანსი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა კომპონენტის განვითარებისთვის და რაც მთავარია, მატჩიდან მატჩამდე გავაკეთოთ სწორი ანალიზი, რათა პროგრესის გზაზე სწორი მიმართულებით ვიაროთ“.

სანამ მიქაუტაძე რეაბილიტაციას დაასრულებდა და ნაკრებს შეუერთდებოდა, ბორჯღალოსნებმა ორი მატჩი გამართეს – შოტლანდიასთან გასახურებელი მატჩი და რვა ერზე ინგლისთან. კოტე გუნდის პროგრესით კმაყოფილია და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ამ დონეზე მომენტების რეალიზება ვისწავლოთ:

“გუნდში მრავლად არიან ახალი მორაგბეები, რომელთაც პანდემიიდან გამომდინარე, არა მხოლოდ მაღალი დონის შეხვედრები, არამედ საერთოდ სათამაშო პრაქტიკა და შეთამაშება აკლიათ. მიუხედავად ინგლისის ნაკრებთან დაფიქსირებული შედეგისა, გუნდს დაცვაში აშკარა პროგრესი ეტყობოდა. გაკეთდა 100-ზე მეტი ბოჭვა და მხოლოდ 10 გაფუჭდა. უკეთესობა იყო დისციპლინის მხრივაც, წინა მატჩთან შედარებით ნაკლები ჯარიმა ავიღეთ და ბურთსაც მეტხანს ვაკონტროლებდით. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი დონის მეტოქეებთან თამაშისას ჩვენი მომენტების მაქსიმალურად გამოყენება ვისწავლოთ. რაგბი-ევროპის ჩემპიონატზე, თუ კონკრეტული მომენტის რეალიზებას ვერ ვახერხებთ, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან ვიცით, რომ შანსი კიდევ გვექნება, მაგრამ ტიერ 1-ის გუნდებთან სხვა სიტუაციაა. აქ ბურთს მეტი გაფრთხილება ჭირდება. ინგლისთან და მისი დონის გუნდებთან თამაშისას უნდა ვეცადოთ, რომ დაცვაში ნაკლები დრო გავატაროთ, რადგან ისინი შეცდომებს ნაკლებად გპატიობენ“.

კოტე მიქაუტაძე ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ ბორჯღალოსნებს შეუერთდა
📺 | საქართველოს რაგბის კავშირი

“შემოდგომის ერთა თასის“ მეორე ტურში ბორჯღალოსნები უელსს ჰლანეჰლიში, 21 ნოემბერს ეთამაშებიან. აქამდე “დრაკონებს“ ორჯერ შევხვდით – 2017 წელს “მილენიუმზე“ (6:13) და 2019 წლის მსოფლიო თასზე იაპონიაში (14:43). აღსანიშნავია, რომ უელსს 2020 წლის პირველ მატჩში, პირველ თებერვალს, იტალიასთან მოგების შემდეგ, ზედიზედ ექვსი მარცხი დაუგროვდა. კოტეს აზრით, ეს მეტოქის მოტივაციას ამაღლებს, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ჩვენი თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაა:

“ბოლოდროინდელი შედეგების მიუხედავად, უელსი ძალიან ძლიერი ნაკრებია და სწორედ იმიტომ, რომ ამდენი ხანია არ მოუგია, ჩვენთან გაათმაგებული მოტივაციით ითამაშებს. თუ პროგრესი გვინდა, უნდა დავივიწყოთ ვის ვეთამაშებით და კონცენტრაცია მოვახდინოთ იმაზე, ჩვენ რას გავაკეთებთ. განვლილი თამაშების ანალიზის შედეგად უნდა გამოვასწოროთ ჩვენი სუსტი მხარეები. მნიშვნელოვანია მეტი თვითდაჯერებულობა, მეტი თვითკრიტიკა ინდივიდუალურად და საკუთარ თავზე მუშაობა“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა "შემოდგომის ერთა თასის" სასტარტო მატჩში ინმგლისში 0:40 წააგო, უელსთან ხსენებული მატჩის შემდეგ კი, A ჯგუფის ეგიდით კიდევ ერთი თამაში ექნება ჩასატარებელი: 29 ნოემბერს, დუბლინში, ირლანდიასთან. დიდი ალბათობით, ბორჯღალოსნები ჯგუფში უკანასკნელ ადგილს დაიკავებენ და ამ შემთხვევაში, 5 დეკემბერს ექსპერიმენტული ტურნირის მე-7 პოზიციისთვის B ჯგუფის (საფრანგეთი, შოტლანდია, იტალია, ფიჯი) ბოლოადგილოსანს ეთამაშებიან. 

კომენტარები

ბოლო ამბები