Thumbnail

არჩილ ბერიძე: იმედია, გორის დილას ახალ სტადიონზე ვუმასპინძლებთ

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • დინამო ბათუმმა დილას, შესაძლოა, ახალ სტადიონზე უმასპინძლოს
  • აჭარული კლუბი ახალ ტრანსფერებს გეგმავს
  • პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ სხვადასხვა თემებზე ისაუბრა

დინამო ბათუმმა საქართველოს ჩემპიონატის უახლოესი საშინაო მატჩი, შესაძლოა, ახალ სტადიონზე გამართოს. როგორც კლუბის პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა 'სპორტკლუბში' განაცხადა, მიმდინარეობს საუბარი იმის შესახებ, რომ დინამო ბათუმმა გორის დილას ბათუმში უმასპინძლოს და თუ ასე მოხდა, ეს იქნება პირველი თამაში, რომელიც ბათუმის ახალ სტადიონზე გაიმართება.

არჩილ ბერიძე (დინამო ბათუმის პრეზიდენტი)

...საქართველოს ნაკრებზე: "როგორც გულშემატკივარი ვიტყვი, რომ ეს იყო 30 წლის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი მატჩი, რომელიც ვერ მოვიგეთ, მაგრამ ამით ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ, უნდა გავაგრძელოთ შრომა. როგორც ფეხბურთში მოღვაწე ადამიანი ვიტყვი, რომ ამას ჰქონდა ძალიან ბევრი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები, თუმცა ფეხბურთი იმითაცაა საინტერესო, რომ წაგებას მოგება ახლავს, მოგებას - წაგება. უნდა ვიაროთ წინ, ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი, ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა, შეგვიძლია დეტალურადაც ვისაუბროთ, მაგრამ ბევრი რამ გასაკეთებელია. ვფიქრობ, რომ ქართული ფეხბურთი ავა იმ სიმაღლეზე, რაზეც უნდა ავიდეს".

...ბათუმის სტადიონზე: "რამდენი წლის განმავლობაში არ გვქონდა სტადიონი. ეს სტადიონი უკვე გახსნილად ითვლება. მიდის მოლაპარაკება, ხვალ კიდევ შეხვედრებია დანიშნული და იმედი გვაქვს, რომ შემდეგ თამაშს ახალ სტადიონზე ჩავატარებთ. ერთი სული გვაქვს, როდის შეივსება ეს სტადიონი, რომელსაც არაფერი აკლია. აქ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმაც და სპორტული ღონისძიებებიც უნდა ჩატარდეს. ვიმეორებ, მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ გორის დილას ახალ სტადიონზე ვუმასპინძლოთ".

...ჯოვინის ტრანსფერზე: "ჯოვინოთი როტორში კმაყოფილები არიან და ამას გარდა, სხვა კლუბებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება. ვფიქრობ, რომ ეს დინამო ბათუმისთვისთვის წარმატებული ტრანსფერი იქნება და უკან გადადგმული ნაბიჯი არ იქნება".

...ახალ ტრანსფერებზე: "გრიგოლ ჩაბრაძისა და გიორგი ზარიას ტრანსფერი თითქმის უკვე გადაწყვეტილია და შეგვიძლია, რომ დავადასტუროთ. კლუბი ცოცხალი ორგანიზმია, მიდის ძიება ყოველდღიურ რეჟიმში. კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს ვაკვირდებით და აუცილებლად იქნება სიახლეები, როგორც უცხოელ, ისე ქართველ ფეხბურთელებთან დაკავშირებით".

...გია გეგუჩაძის შესახებ: "ვიტყვი, რომ ლაპარაკის დონეზე იყო მისი წასვლა, მაგრამ ჩვენი შეხვედრის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გია გეგუჩაძე გააგრძელებდა თავის საქმიანობას. მისი წვლილი ამ გუნდის მშენებლობაში ძალიან დიდია. ეს საქმე ბოლომდე გვყავს მისაყვანი, ინფრასტრუქტურა, საფეხბურთო აკადემია და ამ ყველაფერს გეგუჩაძე ხელმძღვანელობს და ვფიქრობ, რომ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ საქმე. მეორე ეტაპი იქნება მწვრთნელების გადამზადება. ბათუმის აკადემიაში მწვრთნელების ხელფასი არ უნდა იყოს 500 ლარი, მათი ხელფასი უნდა გაორმაგდეს, გასსამაგდეს, გაოთხმაგდეს, რომ ინტერესი და შრომა დაფასებული იყოს. ამას ყველაფერს კიდევ ვიმეორებ გია გეგუჩაძე ხელმძღვანელობს. მას ჩვენგან ძალიან მაღალი ნდობის ლიმიტი აქვს, მის მუშაობას მაღალ დონეზე ვაფასებ, ფაქტები ყველაფერზე მეტყველებს. ჩვენთვის მთავარია გულშემატკივრები იყვნენ კმაყოფილები".

შეგახსენებთ, რომ დინამო ბათუმი ეროვნულ ლიგაში 13 თამაშში მოპოვებული 26 ქულით მე-2 ადგილზეა და ლიდერ დინამო თბილისს 5 ქულით ჩამორჩება, მაგრამ ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. გია გეგუჩაძის გუნდი გორის დილას 21 ნოემბერს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები