Thumbnail

ორი მარცხი, რომელმაც ქართული ფეხბურთი დააზარალა - რას ნიშნავს ეს

  • საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი დათმო
  • სომხეთთან წაგებას უხილავი ზიანი აქვს, თანაც, არაერთი

12 ნოემბერს ქართული ფეხბურთი ისტორიაში ყველაზე ახლოს იყო უნიკალურ შანსთან - თუკი ევრო 2020-ზე გამსვლელი პლეი ოფის ფინალში ვლადიმირ ვაისის გუნდი გაიმარჯვებდა, საქართველოს ნაკრები პირველად ითამაშებდა დიდი საერთაშორისო ტურნირის ფინალურ ეტაპზე. მაგრამ საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა და უეფასგან თითქმის ნაჩუქარი შანსი ქარს გაატანა...

15 ნოემბერს, საქართველოს ნაკრებმა კვლავ წააგო - ამჯერად, სომხეთთან და ამით უფრო მეტი ზიანი მიაყენა საკუთარ სამომავლო პერსპექტივებს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. თავი დავანებოთ იმას, რომ კავკასიურ დერბიში გუნდი პირველად დამარცხდა ოფიციალურ მატჩში სომხეთთან; არც ის არის მნიშვნელოვანი, რომ ვაისის გუნდი უკანასკნელია, რომელიც აქამდე ერთა ლიგაზე დაუმარცხებელი იყო.

 B ლიგაში აღზევების შანსი დაიკარგა - რას ნიშნავს ეს?

გარდა იმისა, რომ ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონში ნაკრებს უკეთეს გუნდებთან მოუწევდა თამაში, ევრო 2024-ზე მოხვედრის შანსსაც ერთი-ორად აიმაღლებდა.

📌 ევროპის ჩემპიონატზე 24 ნაკრები თამაშობს. უეფას ინოვაციით, 4 საგზურის მფლობელი ერთა ლიგის საშუალებით ვლინდება. სწორედ ამიტომ, 2018/19 წლების ერთა ლიგის ჯგუფის გამარჯვებულებს პლეი ოფში თამაშის უფლება მიეცათ, მათ შორის საქართველოსაც. 

📌 პლეი ოფის 16 საგზური ჯგუფების ყველა გამარჯვებულს არ გამოუყენებია, რადგან მათმა ნაწილმა ევროპის ჩემპიონატის საგზური ჩვეულებრივი გზით, შესარჩევი მატჩებით მოიპოვა.

📌 A ლიგაში 12 ნაკრები თამაშობდა, ჯგუფების გამარჯვებულებმა კი არა, 12-დან 11-მა გუნდმა საგზური შესარჩევის გზით მოიპოვა. პლეი ოფის 1 საგზური მხოლოდ ისლანდიას დასჭირდა. 

📌 B ლიგაში ასევე 12 ნაკრები მონაწილეობდა, აქედან 8 გუნდმა შესარჩევი ციკლიდან მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური. პლეი ოფის საგზურები დანარჩენ ოთხეულს დარჩა (ბოსნია, სლოვაკეთი, ირლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია). ბოსნიის გარდა, არცერთ მათგანს საგზური ბრძოლით არ შეხვედრია (ბოსნიამ ჯგუფი მოიგო), მეტიც, სამმა ნაკრებმა თავიანთ ჯგუფებში ბოლო ადგილები დაიკავა. პლეი ოფის საგზურები მათ ფაქტობრივად აჩუქეს. საბოლოოდ, სლოვაკეთმა ამით ისარგებლა და ევრო 2020-ზე იასპარეზებს. 

📌 იმის გამო, რომ A ლიგაში პლეი ოფის მხოლოდ 1 საგზური (ისლანდია) დასჭირდათ, C ლიგას, სამი საგზური დაემატა. C ლიგიდან ერთადერთმა ნაკრებმა მოახერხა ევროპის ჩემპიონატის საგზურის შესარჩევი ციკლით მოპოვება, ეს ფინეთის ნაკრები იყო. დარჩენილი 14 ნაკრებიდან 7-ს კი პლეი ოფში თამაშის შანსი მიეცა. 

როგორც ხედავთ, ერთი შეხედვით, თითქოს, სჯობს იოლ D ლიგაში პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლა, მაგრამ ამ შემთხვევაში, მხოლოდ ჯგუფის მოგებაა საჭირო, რადგან იქიდან შესარჩევ ციკლში პრაქტიკულად ვერავინ შეძლებს საგზურის მოპოვებას.

მაკედონიელებმა ევრო 2020-ის საგზური 'დინამო არენაზე' მოიპოვეს

პირველი სეზონის შემდეგ გუნდების რაოდენობა შეიცვალა და ეს აუცილებლად შეცვლის გარემოებას. ადრე თუ A და B ლიგებში 12-12 ნაკრები იყო, ხოლო C-ში - 15. ახლა ყველგან, სამივე ლიგაში გუნდების რიცხვი თანაბარია - 16-16. უდიდესი ალბათობით, ძირითადად, კვლავ A და B ლიგების გუნდები მოიპოვებენ შესარჩევი ციკლიდან ევროს 20 საგზურს.

რადგან გუნდების რიცხვი გაზრდილია, შესაძლოა, ის ერთი გამონაკლისიც (ფინეთი) აღარ იყოს. ასე რომ, C ლიგაში ჩარჩენილ საქართველოს ევრო 2024-ისთვის ბრძოლისთვის ყველაზე საუკეთესო შანსი ისევ ჯგუფის მოგება ექნება (მეორე შანსია შესარჩევი ციკლი, რომელიც აგერ უკვე რამდენი წელია, საქართველოს ნაკრებისთვის წარუმატებლად სრულდება ხოლმე). რა თქმა უნდა, B ლიგის გუნდებმაც ჯგუფის მოგებისთვის უნდა იბრძოლონ, მაგრამ პრაქტიკული შანსი რჩება, რომ პლეი ოფის საგზური მეორეადგილოსნებმაც მოიპოვონ. 

სომხეთთან მარცხის კიდევ ერთი მინუსი

ერთა ლიგის 2020/21 წლების სეზონიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრაც არის შესაძლებელი, თუმცა ეს გაცილებით რთულია, ვიდრე ერთა ლიგის 2018/19 წლების სეზონიდან ევრო 2020-ის პლეი ოფში მოხვედრა. ეს ბუნებრივიცაა, მუნდიალზე ევროპას გაცილებით ნაკლები საგზური ეკუთვნის. 

სომხეთმა საქართველო ოფიციალურ მატჩში პირველად დაამარცხა. ეს საქართველოს ნაკრების პირველი მარცხი იყო ერთა ლიგაზე

ფორმატი ასეთია: საერთო რეიტინგით ერთა ლიგის ჯგუფების 2 გამარჯვებული პლეი ოფში გადის, სადაც შესარჩევი ციკლიდან 10 ჯგუფის მეორეადგილოსანი უერთდება. ბუნებრივია, როცა C ლიგაში თამაშობ, რთულია ამ შანსის იმედად იყო, მაგრამ დიდია შანსი, რომ A & B ლიგების ჯგუფების გამარჯვებულებმა ან მუნდიალის საგზური მოიპოვონ პირდაპირ შესარჩევ ციკლში, ან პლეი ოფის (მე-2 ადგილოსნები). ასე კი საგზური (ერთი მაინც) შესაძლოა, C ლიგის ჯგუფის გამარჯვებულს მოუწიოს. აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ მაკედონიას, რომელიც ჩვენი ჯგუფის ლიდერია, არ აქვს სახარბიელო რეიტინგი (ვინაიდან ჩვენს ჯგუფში უფრო დაძაბული ტურნირი იყო) - სლოვენიას 13 ქულა აქვს; მონტენეგროს და ბელარუსს - 10-10; ხოლო მაკედონიას - 9. ყველაფერს ბოლო ტური გადაწყვეტს. 

კიდევ რა დააზარალა სომხეთთან მარცხმა?

რა და ფიფას რეიტინგი საქართველოს ნაკრებისთვის. რატომ არის ეს ახლა მნიშვნელოვანი: 7 დეკემბერს ციურიხში 2022 წლის მუნდიალის ევროპის კონტინენტის საკვალიფიკაციო წილისყრაა. მასში კი გუნდები კალათებში ნოემბრის რეიტინგის მიხედვით განთავსდებიან, ევროპა ერთა ლიგის დასრულებას ელის. საქართველო ფიფას რეიტინგში ევროპის ქვეყნებში ახლა 38-ე პოზიციაზეა. გუნდმა ამის მერე ორი მატჩი დათმო (ჩრდილოეთ მაკედონიასთან და სომხეთთან) და ერთი ელის (ესტონეთთან), თუ 41-ემდე დაქვეითდა, შესარჩევი ციკლის წილისყრაზე მე-4-ის ნაცვლად მე-5 კალათში გადაინაცვლებს და შესაბამისად, უფრო ძლიერ ჯგუფში მოხვდება.

ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებში კარიერა კატასტროფულად დაასრულა

ჩრდილოეთ მაკედონიასთან გუნდმა -10.85 ქულა დაკარგა, ხოლო სომხეთთან - 8.38. ამ მონაცემებით, ახლა საქართველოს ნაკრები ფიფას ლაივ რეიტინგში 90-ე პოზიციაზეა (მინუს 4 პოზიცია). ევროპული ქვეყნებიდან მას ბელარუსმა და ისრაელმა გაასწრო და მე-40-ზეა. ერთიც და მეხუთე კალათში გადავინაცვლებთ. საბედნიეროდ, ლუქსემბურგი და კვიპროსი კარგად ჩამოგვრჩებიან და დიდი ალბათობით, არც ესტონეთთან მარცხის შემთხვევაში დავქვეითდებით 41-ე პოზიციაზე და მე-4 კალათში ბოლო პოზიციას შევავსებთ. 

ორ თამაშს, ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალს და ერთა ლიგის მატჩს სომხეთთან უდიდესი პოზიტივები უნდა შეეტანა ქართული ფეხბურთის ისტორიაში. სამწუხაროდ, პირიქით მოხდა და მიზნებს ყველა მიმართულებით დავშორდით.

 

კომენტარები

ბოლო ამბები