Thumbnail

სერხიო რამოსი გარანტიებს ითხოვს - პარიზელები 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • სერხიო რამოსს პარი სენ-ჟერმენი ეპატიჟება
  • ფრანგები რეალის კაპიტანს ზღაპრულ კონტრაქტს სთავაზობენ

სერხიო რამოსის მომავალი მადრიდის რეალში კვლავ გაურკვეველია. კაპიტანს სამეფო კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი იანვრიდან სხვა ტოპ-კლუბებს მასთან უკვე ოფიციალურად შეუძლიათ მოლაპარაკებების დაწყება.

ესპანური გამოცემა AS წერს, რომ მისი გადაბირება მიზნად პარი სენ-ჟერმენმა დაისახა. ფრანგული გრანდი მზადაა, 34 წლის რამოსს ზღაპრული ხელფასი შესთავაზოს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგები მას 3-წლიან კონტრაქტს და წელიწადში 20 მილიონ ევროს შესთავაზებენ.

AS წერს, რომ რამოსისთვის მაღალი ხელფასი მთავარი არ არის და უბრალოდ ორწლიანი კონტრაქტის გაფორმება სურს. მისი ხელფასი რეალში ახლა 12 მილიონი ევროა. მადრიდელები ხელშეკრულების გაგრძელებას 1+1 სისტემით სთავაზობენ, რომელშიც +1 წელი 2022-მდე თამაშების გარკვეულ რაოდენობაზეა დამოკიდებული. რამოსს კი მეტი გარანტიები სურს.

სერხიო რამოსმა ესპანეთის ნაკრებში ახლახან 177-ე მატჩი ჩაატარა, სამშაბათს კი ერთა ლიგაში გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს. ამის შემდეგ 34 წლის მცველი მადრიდში დაბრუნდება, სადაც 2005 წლიდან თამაშობს. რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ბოლოს თქვა, რომ რამოსისთვის კონტრაქტის გაგრძელება აბსოლუტური პრიორიტეტი უნდა იყოს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები