Thumbnail
  • ჯეიმს ჰარდენი და იანისი გუნდის შეცვლას აპირებენ
  • ჰარდენს ბრუკლინში, დურანტთან გაერთიანება სურს
  • ნიკ კირიოსი ამბობს, რომ იანისს მაიამიში წასვლა გადაწყვეტილი აქვს

NBA-ში სუპერვარსკვლავების ბაზარზე გამოსვლა იმდენად დიდი ამბავია, რომ ორგანიზაციები ამას წლები ელოდებიან ხოლმე. მსურველი ბევრია, სუპერვარსკვლავები კი, ანუ ის ხალხი, ვინც ჩემპიონობისთვის ბრძოლის გარანტიას იძლევა - ცოტა. სპეციალისტების პროგნოზით, უახლოეს მომავალში, ყველაზე გვიან ამ სეზონის დასრულების შემდეგ, მოსალოდნელია, რომ ლიგის ორი დიდი სუპერვარსკვლავი თავის გუნდს შეიცვლის. კარიერის გაგრძელების პოტენციური ვარიანტებიც გამოკვეთილია.

ერთ-ერთი მათგანი ჯეიმს ჰარდენია, რომლის ჰიუსტონსაც რთული დროება უდგას. ორგანიზაცია დატოვეს მისმა მთავარმა არქიტექტორმა, მენეჯერმა დერილ მორიმ და მთავარმა მწვრთნელმა მაიკ დ'ანტონიმ. ჰიუსტონს თითქმის არ აქვს თავისუფალი ფული ბიუჯეტში, რომ გუნდის გაძლიერებაზე იფიქროს. წასვლა უნდა რასელ ვესტბრუკსაც. ეს იმას ნიშნავს, რომ დიდია იმის ალბათობა, ჰიუსტონმა ეს გუნდი დაშალოს და ახლის შენება დაიწყოს. ჰარდენის პოზიცია ტექსასში ისევ ძალიან მყარია და ახალი გუნდის მშენებლობაც მის გარშემოა დაგეგმილი, თუმცა საკითხავია, რამდენად უნდა ჯეიმს ჰარდენს იმ გუნდში თამაში, რომელსაც საჩემპიონო ამბიცია, არ ექნება.

სპეციალისტები პროგნოზირებენ, რომ ჰარდენი ტრეიდს იმ შემთხვევაში მოითხოვს, თუ ჰიუსტონს კონკურენტუნარიანი შემადგენლობა არ ეყოლება. ამერიკული წყაროების ცნობით, თავად ჰარდენს ბრუკლინში თავის ყოფილ თანაგუნდელთან, კევინ დურანტთან და კაირი ირვინგთან ერთად თამაში უნდა. მისი სურვილის ახდენა რთული იქნება, რადგან ბრუკლინს საკმარისი თანხების მოძიება ძალიან გაუჭირდება.

მეორე ასეთი მოთამაშე იანის ანტეტოკუმპოა. იანისის კონტრაქტი ამ სეზონის შემდეგ მთავრდება და ბერძენი თავისუფალი აგენტი ხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მას ნებისმიერ გუნდში შეუძლია თამაში, ვისაც მისი ხელფასისთვის საკმარისი ადგილი აქვს ბიუჯეტში. ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, იანისი პროვინციულ მილუოკიში აღარ დარჩება. მისთვის პრიორიტეტი ისეთი გუნდია, რომელსაც საჩემპიონო ამბიცია აქვს. ასეთი გუნდი ორია - მაიამი და გოლდენ სტეიტი. ორივეს ძლიერი ბირთვი და საკმარისი თანხები აქვს იმისთვის, რომ იანისის დამატების შემთხვევაში ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მთავარ ფავორიტად იქცნენ.

ბოლო მონაცემებით, თავად ბერძენს გული მაიამისკენ მიუწევს. ფლორიდელთა ახალგაზრდულმა გუნდმა ამ სეზონში ფინალამდე მიაღწია. იანისს იქ ჯიმი ბატლერი და სხვა პერესპექტიული ახალგაზრდები დახვდებიან. ლიგაში ყველგან არის ცნობილი მაიამის სამუშაო და ორგანიზაციული კულტურა.

ეს ამბავი კიდევ უფრო გაამყარა ბერძნული წარმოშობის ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა ნიკ კირიოსმა, რომელმაც აღნიშნა, რომ როცა იანისს ჰკითხა, აპირებდა, თუ არა ის მაიამიში წასვლა, მან ფართო ღიმილით უპასუხა. კირიოსი მიიჩნევს, რომ იანისი სწორედ ფლორიდაში წავა. 

კომენტარები

ბოლო ამბები