Thumbnail

ჯანო ანანიძემ რუსულ მედიასთან კომენტარი გააკეთა მის შესახებ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე და შემდეგ მის მიერვე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე. ანანიძის შესახებ დაიწერა, რომ ის კარიერის დასრულებაზე ფიქრობს, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელმა ეს ცნობა ჯერ ინსტაგრამის მეშვეობით უარყო და ახლა უფრო დეტალურადაც ისაუბრა.

ჯანო ანანიძე: "გუშინ სახლში ვიჯექი და საქართველო-სომხეთის მატჩს ვუყურებდი. თამაშის შემდეგ მითხრეს ეს ამბავი. რა შემიძლია ვთქვა? არ მომწონს, როდესაც ჩემს შესახებ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება და ამიტომ უარყოფითი პოსტის გამოქვეყნება გადავწყვიტე. ეს არის ჩემი რეაქცია ტყუილზე. ხალხმა არ იცის ჩემი ჯანმრთელობის შესახებ და გადაწყვიტეს ჩემზე ასეთი ბინძური ტყუილი დაეწერათ. არ ვიცი რა თქვა ხაცკევიჩმა, სათაური ვნახე და შემდეგ უკვე აღარ მაინტერესებდა იმის ნახვა თუ რა იყო დაწერილი იქ და საერთოდ ვინ რა თქვა. ამიტომ, ჩემთვის საერთოდ არ არის საინტერესო იქ ხაცკევიჩის სიტყვები იყო თუ ვინმე სხვა პიროვნების, იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი ის არის, რასაც ვფიქრობ და ვგრძნობ. თუ კარიერის დასრულებაზე ვიფიქრებ, მაშინ პირველი ვიქნები, ვინც ამის შესახებ იტყვის. სხვამ ჩემს მაგივრად რატომ უნდა ისაუბროს? ახლა თავს ნორმალურად ვგრძნობ. მოსკოვის შემდეგ თურქეთში ვიყავი, სადაც მკურნალობდნენ და გამოკვლევებს მიტარებდნენ. ახლა, უკვე გამოჯანმრთელების მეორე ეტაპი მაქვს. მითხრეს, რომ სერიოზულია არაფერია და სამედიცინო პროცედურებს ვიტარებ, ვვარჯიშობ. ვფიქრობ, რომ იანვარში 100%-ით მზად ვიქნები. ექიმები ამბობენ, რომ სერიოზული არაფერი მაქვს, ჯვარედინი იოგების პრობლემა არ არსებობს. ყველაფერი კარგადაა".

ჯანო ანანიძეს საქართველოს ნაკრებში წელიწადზე მეტია არ უთამაშია

შეგახსენებთ, რომ ჯანო ანანიძემ პროფესიული კარიერა მოსკოვის სპარტაკში დაიწყო და ამ კლუბის ღირსებას ათი წლის განმავლობაში, 2019 წლამდე იცავდა. ქართველმა ფეხბურთელმა, რომელსაც ტრავმებმა ხელი ძალიან შეუშალა, ამ პერიოდში იჯარით როსტოვსა და კრილია სოვეტოვშიც ითამაშა, 2020 წელს კი კვიპროსულ ანორთოსისში გადავიდა. ზაფხულში ჯანო რუსეთში დაბრუნდა და როტორთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ მისი გაწყვეტა მალევე მოუხდა. ანანიძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 45 მატჩი აქვს ჩატარებული, მის ანგარიშზე 7 გოლი და 6 საგოლე პასია.

კომენტარები

ბოლო ამბები