Thumbnail

ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ოფიციალურად დატოვა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერთობლივი გადაწყვეტილებით, სლოვაკი ესტონეთთან ნაკრებს არ უხელმძღვანელებს.

სფფ მადლობას უხდის ვაისს და მის სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამსახურისთვის და სამომავლო კარიერაში წარმატებებს უსურვებს.

"გვსურს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ეროვნული ნაკრების სახელით მადლობა გადავუხადოთ სლოვაკ მწვრთნელთა ჯგუფს ბორის კიტკას, ჯოზეფ კონტირის და რომან შვანტნერის შემადგენლობით, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ნაკრებში მუშაობდნენ. ასევე მადლობას ვუხდით ვლადიმირ ვაისს გაწეული შრომისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში", - აღნიშნულია განცხადებაში.

ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებს 2016 წლის მარტიდან ავარჯიშებდა და 47 მატჩში უხელმძღვანელა. მან ამ შეხვედრებიდან 16 მოიგო, 16-ჯერ წააგო და 15-ჯერ ფრე ითამაშა. სლოვაკის თავკაცობით, საქართველოს ნაკრებმა ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში ითამაშა და ერთადერთი ნაბიჯი დააკლდა ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად. ვაისის წასვლის შესახებ კომენტარი სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმაც გააკეთა.

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი)

"გუშინდელი მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისთან საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა და ერთობლივად მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ესტონეთის წინააღმდეგ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს აღარ უხელმძღვანელებს. მინდა, მას მადლობა გადავუხადო ხუთწლიანი თანამშრომლობისთვის. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში იასპარეზა. მადლობას ვუხდით მას და მის სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამსახურისთვის.

რაც შეეხება 18 ნოემბრის შეხვედრას, კონკრეტულად ამ მატჩში ჩვენს გუნდს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს, რომელიც 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელია. იგი ასაკობრივ ნაკრებში საკმაოდ წარმატებულად მუშაობს. მოგეხსენებათ, რომ მარტში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ახალი ციკლი დაიწყება და ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა მთავარი მწვრთნელის საკითხის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ მარტის თამაშისთვის საქართველოს ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი წარმატებას მოუტანს“.

ესტონეთთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს დროებითი მწვრთნელი ეყოლება და რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს, რომელიც ამჟამად საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

კომენტარები

ბოლო ამბები