Thumbnail
  • ევროპის ჩემპიონატზე ლაშა ბექაურის ნაცვლად ლაშა შავდათუაშვილი იასპარეზებს
  • მოახლოებულ ტურნირს 19-21 ნოემბერს ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა უმასპინძლებს

ძიუდოისტთა მოახლოებული ევროპის ჩემპიონატის წინ, საქართველოს ნაკრების განაცხადი კიდევ ერთხელ შეიცვალა და როგორც სჩანს, საბოლოო სახე მიიღო.

შეგახსენებთ, რომ უწინდელი ვერსიით, 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ქვეყნის ღირსება ბექა ღვინიაშვილსა და ლაშა ბექაურს უნდა დაეცვათ, 73 კგ-ში კი, საქართველოს წარმომადგენელი არ უნდა ჰყოლოდა.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ვებ-გვერდზე განახლებული ინფორმაციის თანახმად, ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ევროპირველობაზე აღარ მიდის, სამაგიეროდ, 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ტატამიზე გავა ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი. შედეგად, საქართველოს ნაკრებს ძიუდოისტი ყველა წონაში ეყოლება. ამგვარად, ვაჟ ძიუდოისტთა განაცხადი ასე გამოიყურება:

ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.), ლუკა მაისურაძე, ტატო გრიგალაშვილი (ორივე – 81 კგ.), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ.), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.), გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი (ორივე +100 კგ.).

გაირკვა ისიც, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემები გადალახეს და ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრების წევრები ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ.) და ეთერ ლიპარტელიანიც (57 კგ.).

შეგახსენებთ, რომ მოახლოებულ ტურნირს 19-21 ნოემბერს ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა უმასპინძლებს, ამ დროისთვის კი, განაცხადი 42 ქვეყნის 364 სპორტსმენს (224 კაცი+140 ქალი) აქვს გაკეთებული. ევროპირველობის წილისყრა ოთხშაბათს ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები