Thumbnail
  • ნორვეგიის ნაკრები ავსტრიაში მაინც გაემგზავრება
  • სკანდინავიელები ფეხბურთელებს აგროვებენ

ოთხშაბათს, ნორვეგიის ნაკრებს უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვს ავსტრიასთან და ამ მატჩს გადადების, ან გაუქმების საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ ნორვეგიელებმა გადაწყვიტეს, ვენაში მაინც ჩავიდნენ - ოღონდ, აბსოლუტური SOS-შემადგენლობით. ეს ინფორმაცია ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა. მანამდე, ომარ ელაბდელაუის კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ნორვეგიის ნაკრების ფეხბურთელები კარანტინში გადავიდნენ.

დღეს გაირკვევა, ზუსტად როგორი შემადგენლობით გაემგზავრება ნორვეგიის ნაკრები ავსტრიაში. ნორვეგიული მედიის მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, ფედერაცია სხვადასხვა ქვეყნებში გაფანტულ ფეხბურთელებს აგროვებს - ისეთებსაც კი ურეკავენ, რომლებსაც ქვეყნის პირველ გუნდში არასდროს უთამაშიათ. მაგალითად, დაუკავშირდნენ იულიან რიერსონს, რომელიც ბერლინის უნიონში თამაშობს. შეგროვებული ფეხბურთელები ორშაბათსვე ოსლოს აეროპორტში შეიკრიბებიან და სამშაბათს ავსტრიისკენ აიღებენ გეზს. გუნდს ვენაში დაგეგმილ მატჩში მთავარ მწვრთნელად 21-წლამდელთა გუნდის დამრიგებელი ლეიფ გუნარ სმერუდი უხელმძღვანელებს.

“ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით. მიხარია, რომ თამაში მაინც შედგება,” - განაცხადა ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა პალ ბიერკეტვედტმა.

ნორვეგიის ნაკრებს ერთა ლიგის B დივიზიონში თავისი ჯგუფის მოგების შანსი აქვს - მიუხედავად იმისა, რომ გუნდშ კორონავირუსის გავრცელების გამო გაუქმებული მატჩი რუმინეთში ალბათ წაგებულად ჩაითვლება.

ამასობაში თითქმის ცნობილია ისიც, რომ ნორვეგიელი ფორვარდი ერლინგ ჰაალანდი ვეღარც დორტმუნდის ბორუსიას დაეხმარება ბერლინის ჰერტასთან მატჩში. გერმანიაში დაბრუნების შემდეგ იგი 10 დღე კარანტინში უნდა იყოს.

კომენტარები

ბოლო ამბები