Thumbnail
  • ჰიუსტონი დიდი ცვლილებების მიჯნაზეა
  • რასელ ვესტბრუკს 'როკეტსიდან' წასვლა სურს
  • მისი კონტრაქტი მხოლოდ აუტსაიდერს შეიძლება აწყობდეს

გასული სეზონის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ტრეიდი ოკლაჰომას რასელ ვესტბრუკის ჰიუსტონის კრის პოლში გაცვლა იყო. ეს უფრო ადამიანური ტრეიდი იყო, ვიდრე საკალათბურთო. პოლს და ჯეიმს ჰარდენს, ჰიუსტონის ორგანიზაციის მთავარ კაცს, ურთიერთობა გაუფუჭდათ. სამაგიეროდ, ვეტსბრუკი და ჰარდენი არიან კარგი მეგობრები. მოკლედ რომ ვთქვათ: ჰარდენმა პოლის ნაცვლად გუნდში თავისი ძმაკაცი მიიყვანა. 

უცნაური ეს ტრეიდი საკალათბურო კრიტერიუმებით იყო. ვესტბრუკიც და ჰარდენიც ცნობილი იმით არიან, რომ ბურთის დიდი ხანი ხელში ჭერა უყვართ. ბევრ კითხვას იწვევდა, თუ როგორ უნდა გაენაწილებინათ მათ ბურთი. გარდა ამისა, ვესტბრუკი ზუსტი სროლების პროცენტით ბოლოდან მეორე ადგილზეა იმ მოთამაშეებს შორის, რომლებიც სამქულიანებს ხშირად ისვრიან. არადა, ჰიუსტონის მთელი სისტემა სამქულიანებზეა აგებული. შემთხვევითი არ არის, რომ ეს არასაკალათბურთო 'ტრეიდი' არასაკალათბურთო ხალხმა შეასრულეს. ამ გაცვლის ავტორი უშუალოდ ჰიუსტონის მფლობელი ტილმან ფერტიტა იყო და არა გენერალური მენეჯერი დერილ მორი ან მთავარი მწვრთნელი მაიკ დ'ანტონი.

ვესტბრუკი და ჰარდენი ახლო მეგობრები არიან

ჰიუსტონმა სეზონი წარუმატებლად დაასრულა, გუნდიდან მორიც წავიდა და დ'ანტონიც. ტექსასელებს ახალი მოთამაშეებისთვის ფული ბიუჯეტში ფაქტობრივად, არ აქვთ. ტილმან ფერტიტას ბიზნესი სერვისის სფეროში აქვს (რესტორნები ა.შ.) და პანდემიის პირობებში მისი ბიზნესი განსაკუთრებით ზარალობს. ამ სიტუაციაში ორგანიზაცია ამ გუნდის დაშლასთან უფრო ახლოს არის, ვიდრე ახალი საჩემპიონიო გუნდის აგების მცდელობასთან.

აქედან გამომდინარე, რასელ ვესტბრუკის მომავალი ჰიუსტონში ძალიან ბუნდოვანია. მით უმეტეს, რომ მას შემდეგ სამ სეზონში 132 მილიონი აქვს კონტრაქტის თანახმად მისაღები. მისი ტრავმებიდან და თამაშის ათლეტურის სტილიდან გამომდინარე რთული წარმოსადგენია, რომ ვესტბრუკი უკეთესი გახდეს შემდეგ წლებში. სავარაუდოდ, თამაშის სტილს შეცვლის ჰიუსტონიც, რომელსაც ახალი მწვრთნელი ჰყავს.

ამ პირობებში წასვლა თავად ვესტბრუკსაც სურს. წყაროები მას ახასიათებენ ადამიანად, რომელიც ძნელად ეჩვევა სიახლეებს. მას ჰიუსტონი არ მოსწონს. 

ვესტბრუკი რთული ხასიათის კაცია, ჰიუსტონს ვერ შეეგუა

მთავარი პრობლემა ის არის, თუ რომელი გუნდი იქნება მზად, რომ ვესტბრუკის 130-მილიონიანი კონტრაქტი მიიღოს. საჩემპიონო გუნდის მთავარ ვარსკვლავად მას აღარ განიხილავენ. მისი კონტრაქტიდან გამომდინარე მეორე-მესამე კაცად რომ რომელიმე დიდ გუნდში მივიდეს, ამისი ალბათობაც მცირეა. ყველაზე დიდი შანსია, რომ ის რომელიმე აუტსაიდერში წავიდეს, სადაც მისნაირი ვარსკვლავისთვის ამ ფულს არ დაინანებენ, თავისუფალი ბიუჯეტი ექნებათ და ვესტბრუკსაც თავის ჭკუაზე და მის საყვარელ სტილში თამაში შეეძლება. არავინ დავობს, რომ ვესტბრუკი ისევ ძალიან კარგი მოთამაშეა. არცთუ ისე წარმატებულ გასულ სეზონში მან მაინც მოახერხა სეზონის თამაშში საშუალოდ 27 ქულით, 7.9 მოხსნით და 7 პასით დასრულება.

ამერიკული წყაროების ცნობით, ოთხი პოტენციური კანდიდატი განიხილება: ორლანდო, შარლოტი, ნიუ იორკ ნიქსი და დეტროიტი.

შემდეგი სეზონის დაწყებამდე არცთუ ისე დიდი დროა და ვესტბრუკის ბედიც ამ პერიოდში უნდა გადაწყდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები