Thumbnail
  • 'ქართველებს დიდი ამბიცია აქვთ და დიდ საფეხბურთო ფორუმზე გასვლა ძალიან უნდოდათ'
  • ვიაჩესლავ გროზნი 2016-17 წლების სეზონში დინამო თბილისის მწვრთნელი იყო

ცნობილი უკრაინელი სპეციალისტი ვიაჩესლავ გროზნი 2020-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის დაპირისპირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მატჩი მისი ქვეყნის ნაკრებისთვის სასურველი შედეგით დასრულდა. მოგეხსენებათ, მაკედონიელების ევროპის ჩემპიონატზე სწორედ იმ ჯგუფში ითამაშებენ, სადაც უკრაინაც იმყოფება, გროზნის აზრით კი, ეს კარგია, რადგანაც საქართველოსთან დაპირისპირება უფრო რთული იქნებოდა.

“ვფიქრობ, რომ საქართველოსთან თამაში გაცილებით გაჭირდებოდა. ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩში ქართველებს ხუთამდე წამყვანი ფეხბურთელი აკლდათ. იგივე ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც დღეისთვის რუსეთის პრემიერლიგაში შეუჩერებელია. მასთან გამკლავებას ორი-სამი მცველი ვერ ახერხებს. იქ კიდევ არიან ბიჭები, ვისაც არ უთამაშიათ. საქართველოსთან უფრო რთული შეხვედრა იქნებოდა. ჩრდილოეთ მაკედონია ორგანიზებული და დისციპლინირებული ნაკრებია, თუმცა, საკმარისია პანდევის ჩაკეტვა მოახერხოთ, რომ ამ გუნდის შემტევი პოტენციალი მინიმუმამდე დავა. დიახ, ეს პოსტიუგოსლავური ქვეყანაა და სკოლაც შესაბამისი აქვთ. ცხადია, სერბეთისა და ხორვატიის ნაკრებები მათ გაცილებით სჯობნიან. რამდენიმე მაკედონიელ ფეხბურთელს ვიცნობ და ისინი ნამდვილად კეთილსინდისიერი და დისციპლინირებული ხალხია. ბევრ მათგანს ბურთთან მუშაობაც არ ეშლება. მაკედონიელებს ევროპირველობაზე გასვლას ვულოცავ, თუმცა, არ დავმალავ, რომ საქართველოს ნაკრების მხარეს ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინისთვის ნამდვილად ჩრდილოეთ მაკედონიის გასვლა სჯობდა. იმიტომ, რომ საქართველოს ძალიან ტექნიკური გუნდი ჰყავს, მათი ფეხბურთელები საკმაოდ კარგ გუნდებში და კარგ დონეზე თამაშობენ. ქართველებს ამბიციაც დიდი აქვთ და ვიცი, რომ მათ ამ დიდ საფეხბურთო ფორუმზე გასვლაც ძალიან უნდოდათ. ვაისი კარგი მწვრთნელია, რომელიც საქართველოში უკვე 5 წელია მუშაობს, საერთო ჯამში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ქართველებთან გაცილებით გაგვიჭირდებოდა”.

შეგახსენებთ, რომ აწ უკვე 64 წლის ვიაჩესლავ გროზნი 2016-17 წლების სეზონში დინამო თბილისის მწვრთნელი იყო, ასევე უმუშავია დინამო კიევში, მოსკოვის სპარტაკში, დნეპროპეტროვსკის დნიპროში, სოფიის ლევსკიში, კიევის არსენალში და კიდევ რამდენიმე კლუბში.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მაკედონიელებთან მარცხის შემდეგ, ერთა ლიგაში სომხეთთან მატჩიც დათმო, მომდევნო შეხვედრა კი უკვე 18 ნოემბერს ელის. ამ დღეს სლოვაკი სპეციალისტი ვლადიმირ ვაისი გუნდს ბოლოჯერ გაუძღვება, ერთა ლიგის C დივიზიონის შეხვედრაში ქართველი ფეხბურთელების მეტოქე კი, მე-2 ჯგუფის აუტსაიდერი ესტონეთი იქნება.

📺 საქართველო v ჩრდ. მაკედონია [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები