Thumbnail
  • ლეიკერის და ოკლაჰომა გაცვლაზე შეთანხმდნენ
  • დენის შრიოდერი ლეიკერსს ძალიან გააძლიერებს
  • ამ გაცვლით ოკლაჰომამ ახალი გუნდის შენების პროცესი დაიწყო

თითქმის ყველა ავტორიტეტული ამერიკული წყარო თანხმდება, რომ მოქმედი ჩემპიონი ლოს ანჯელეს ლეიკერსი ახალი სეზონის წინ საგრძნობლად გაძლიერდება. კალიფორნიელებს ამისთვის არცთუ ისე ბევრი რესურსი ჰქონდათ, მათი სახელფასო ბიუჯეტი გადატვირთულია, თუმცა საჭირო მოთამაშე მათ ოკლაჰომაში იპოვეს.

ოკლაჰომას დენის შრიოდერი ბოლო სეზონებში ძალიან კარგად თამაშობს. გასულ სეზონში მას 30 წუთში 18.9 ქულა და 4 პასი ჰქონდა. ლეიკერსი შრიოდერს და მის გუნდს - ოკლაჰომას, გაცვლაზე შეუთანხმდა. გერმანელი კალიფორნიაში წავა, სანაცვლოდ კი ოკლაჰომა დენი გრინს და დრაფტის პირველ რაუნდში ლეიკერსის პიკს მიიღებს.

ამ გაცვლით ლეიკერსი აშკარად მოგებულია. მან მესამე ძალიან ძლიერი მოთამაშე მიიღო. შრიოდერს როტაციაში თამაშის გამოცდილება ოკლაჰომაში უკვე აქვს. წინა წელს ის კრის პოლთან და შეი გილჯეს-ალექსანდერთან ერთად ინაწილებდა წუთებს.

ლეიკერსი მისი სახით ძალიან კარგ უკანახაზელს მიიღებს, რომელიც სათადარიგო ხუთეულის ლიდერი იქნება, ლებრონის პარკეტზე არყოფნაში ძირითადი გამთამაშებლის როლს მოირგებს და სტაბილურად შეასრულებს მესამე ჩამყრელის ფუნქციას. ამ სტატუსის მქონე სტაბილური მოთამაშე ლეიკერსს ამ სეზონში აკლდა. მით უმეტეს, რომ მოქმედი ჩემპიონი კარგავს რაჯონ რონდოსაც.

გერმანელის ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ მას დაცვა არ ეხერხება. ამ პარამეტრში მას გრინის შეცვლა არ შეუძლია.

შრიოდერის მოსვლა კალიფორნიულ გუნდს საშუალებას მისცემს, რომ დამღლელი სეზონის და ცოტა დასვენების შემდეგ, ახალ სეზონში უფრო დიდი როტაცია ჰქონდეს და უკვე ვეტერანი ლებრონ ჯეიმსის წუთები მაქსიმალურად დაზოგოს. გერმანელის სანაცვლოდ ლეიკერსი მხოლოდ ვეტერან დენი გრინს კარგავს, რომლის სათამაშო ფორმაც გაუარესდა.

ოკლაჰომას იძულებული იყო, ამ გაცვლაზე დათანხმებულიყო. შრიოდერის კონტრაქტი შემდეგ სეზონში გადის და ნათელია, რომ გერმანელი პროვინციულ გუნდში აღარ დარჩება. გრინი შრიოდერის მსგავსად ამ სეზონში დაახლოებით 15 მილიონის ფარგლებში გამოიმუშავებს და მისი კონტრაქტიც ერთ წელიწადში მთავრდება.

დიდი ალბათობით, ოკლაჰომა გუნდიდან გაუშვებს კრის პოლსაც მისი კოლოსალური კონტრაქტით. ეს იმას ნიშნავს, რომ ოკლაჰომა ამ სეზონში პლეი ოფისთვის ბრძოლას არ განიზრახავს და ურჩევნია დრაფტზე ახალი მოთამაშეები იპოვოს და შემდეგი სეზონიდან ეტაპობრივად გუნდის შენება შეი გილჯეს- ალექსანდერზე და ახალგაზრდების გარშემო დაიწყოს. 2022 წლის სეზონის წინ კი მას შრიოდერის (გრინის) და კრის პოლის კონტრაქტის თანხები გამოთავისუფლებული ექნება და ახალ სეზონს თავისუფალი ბიუჯეტით და ახალგაზრდული გუნდით შეხვდება.

ადრიან ვოინაროვსკისა და სხვა წყაროების ცნობით, მხარეები უკვე შეთანხმებულები არიან და ეს ოფიციალურად რამდენიმე დღეში, მას შემდეგ გაცხადდება, რაც ახალი სეზონის დაწყების და ტრეიდების თარიღი დადასტურდება.

კომენტარები

ბოლო ამბები