Thumbnail

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფში ბოლოსწინა მატჩი ჩაატარა და სომხეთთან 1:2 დამარცხდა. ვლადიმის ვაისის შეგირდებმა ძალიან უსახურად ითამაშეს და ერთადერთი გოლი პენალტით გაიტანეს, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, ძალიან საეჭვო იყო.

წაიკითხე | 'თუ პროგრესი გსურთ, რამდენიმე მოთამაშე გუნდში არ უნდა დარჩეს' - რა თქვა ვაისმა მატჩის შემდეგ

გუნდები თბილისურ შეხვედრას დანაკლისით შეხვდნენ. ხვიჩა კვარაცხელიასა და ლევან შენგელიას კორონავირუსის გამო არ უთამაშიათ, ხოლო გიორგი ქვილითაია და ბუბა დაუშვილი მოედანზე დისკვალიფიკაციის გამო ვერ გავიდნენ. შედეგად, ისე გამოვიდა, რომ ვლადიმირ ვაისმა მაკედონიელებთან მატჩის მერე, სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად 9 ცვლილება განახორციელა და მინდორზე მხოლოდ კაპიტანი ჯაბა კანკავა და ვაკო გვილია დატოვა. ამასთან, განაცხადში საერთოდ ვერ მოხვდა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე ოქრიაშვილი. თავის მხრივ, საქართველოში მთავარი ფეხბურთელის გარეშე ჩამოვიდა სომხეთის ნაკრები. ჰენრიხ მხითარიანს იტალიურმა რომამ კარანტინის დატოვების უფლება არ მისცა.

მატჩი საქართველოს ნაკრების უპირატესობით დაიწყომ, რაც მხოლოდ ბურთის ფლობაში გამოიხატებოდა, სახიფათო მომენტებამდე კი საქმე ვერ მიდიოდა. მიზეზი ტრადიციული იყო, როდესაც იერიშის ბოლოსკენ სიზუსტის გამოჩენა იყო საჭირო, დროულად პასის გაკეთება ან დარტყმა ვერაფრით ხერხდებოდა. სამაგიეროდ, ქართველების ჭარბი შეცდომებით კარგად ისარგებლეს სტუმრებმა. 33-ე წუთზე კვიპროსული აელ-ის ფორვარდმა გევორქ ღაზარიანმა კონტრიერიში ახლო მანძილიდან ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა. მალევე მას მასპინძელთა მორიგი გაუგებარი ქმედების მერე 100%-იანი შანსი მიეცა, თუმცა, ბურთი ძელს გაარტყა.

საქართველოს ნაკრევს ანგარიშის გათანაბრების შანსი პირველივე ტაიმში მიეცა, როდესაც ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ელგუჯა ლობჯანიძემ თავით დაარტყა, მაგრამ სომხების მეკარე დავიდ იურჩენკომ ჩინებული რეაქცია გამოავლინა და გუნდი გოლისგან იხსნა.

ქართველმა ფეხბურთელებმა საპასუხო ბურთი 65-ე წუთზე პენალტით გაიტანეს. 11-მეტრიანი დარტყმა ელგუჯა ლობჯანიძის აქტიურობას მოჰყვა, რომელიც არმან ჰოვანესიანთან ფიზიკურ ორთაბრძოლაში ჩაერთო, კონტაქტის შემდეგ მინდორზე აღმოჩნდა, მატჩის იტალიელმა არბიტრმა კი წესების დარღვევაში სომეხი მცველი დაადანაშაულა და შეცვლაზე შესულმა ვაკო ყაზაიშვილმა პენალტი ზუსტად შეასრულა - 1:1. მალევე ვაკოს კიდევ ერთი შანსი მიეცა, თუმცა, მისი დარტყმული იურჩენკომ მოიგერია.

დარჩენილ დროში თითქოს საქართველოს ნაკრებს მოსაგებად უნდა გაეწია, თუმცა, ელემენტარული შეცდომების გამო, შეტევების ორგანიზება ვერ ხერხდებოდა, სომხეთმა კი თავისი შანსი ჩინებულად გამოიყენა. სტუმრებმა 86-ე წუთზე კონტრიერიში წამოიწყეს, საქართველოს ნაკრების დაცვა მორიგ ჯერზე ჩავარდა და გერმანული ჰოფენჰაიმის თავდამსხმელმა სარგის ადამიანმა აუღელვებლად გაიტანა - 1:2.

ამგვარად, საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ერთადერთი მატჩი დარჩა ჩასატარებელი. 18 ნოემბერს ქართველი ფეხბურთელები კვლავ თბილისში ესტონეთს დაუხვდებიან და ეს, სლოვაკი ვლადიმირ ვაისისთვის ამჟამინდელ პოსტზე ბოლო შეხვედრა იქნება. ამავე დღეს ჩრდილოეთ მაკედონია ნეიტრალურ სტადიონზე (კვიპროსის ქალაქ ნიქოზიაში) სომხეთს ეთამაშება და ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობაც მაშინ გაირკვევა.

საქართველო 1:2 სომხეთი

გოლი: 0:1 ღაზარიანი (33), 1:1 ყაზაიშვილი (65 პენ.), 1:2 ადამიანი (86).

საქართველო (4-2-3-1): მაკარიძე - ჯიღაური, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი - კანკავა, აბურჯანია (80. კვეკვესკირი) - საბა ლობჟანიძე (80. პაპუნაშვილი), გვილია (80. მიქელთაძე), დავითაშვილი (56. ყაზაიშვილი) - ელგუჯა ლობჯანიძე (68. კაჭარავა).

სომხეთი (4-4-2): იურჩენკო - ჰამბარცუმიანი, ჰაროიანი, ცალისირი, ჰოვჰანისიანი (69. გრიგორიანი) - ბარსეგიანი, უდო (77. მურადიანი), გრიგორიანი, ღაზარიანი (77. ბიჩაკჩიანი) - ადამიანი, კარაპეტიანი (77. კორიანი).

 

კომენტარები

ბოლო ამბები