Thumbnail

გუშინ ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივამა დავით მუჯირმა TV პირველის ეთერში საქართველოს ნაკრების წარუმატებლობაში ქართველი ფანებიც დაადანაშაულა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

"ის მხარდაჭერა, რომელიც ქართველი ხალხის ვალდებულებაა, სამწუხაროდ, დღეს არ იგრძნობა და შეიძლება, ესეც იყოს ერთ-ერთი ფაქტორი, რომ ჩვენ ჯერ ევროპის ჩემპიონატზე არ ვართ, ალბათ, ქვეყანა მზად, რომ წარმოვადგინოთ", - განაცხადა სატელევიზიო ინტერვიუსას დავით მუჯირმა.

დღეს კი სფფ-ს გენერალურმა მდივანს განმარტების გაკეთება და ქომაგებისთვის ბოდიშის მოხდა მოუწია. მაგრამ მუჯირმა ეს ისე გააკეთა, რომ კვლავ შეურაცხყოფა მიაყენა გულშემატკივრების ნაწილს. მან სფფ-ს შენობასთან მყოფ პროტესტანტებს "პოლიტიკურად ანგაჟირებულები" უწოდა, სიტუაციის გამწვავებაში კი მედიაც დაადანაშაულა. 

დავით მუჯირი (სფფ-ს გენერალური მდივანი): "მინდა განმარტება გავაკეთო ფეხბურთის გულშემატკივრისთვის, რომლის შეცდომაში შეყვანასაც მიზანმიმართულად ცდილობენ. სამწუხაროა, რომ ასეთი ფორმით ხდება ჩემი გუშინდელი კომენტარით აპელირება.
პირველ რიგში, ჩვენ ქომაგებს ვუხდი ბოდიშს, იმ შემთხვევაში, თუ არასწორად გაიგეს ჩემი ნათქვამი. გულშემატკივარი, ფეხბურთის მე-12 მოთამაშე, არის ის ძალა, რომლითაც პირადად მე და თითოეული ჩვენი გუნდის წევრი ყოველთვის ვამაყობთ და ჩვენი დამოკიდებულება მათ მიმართ არაერთხელ დაგვიფიქსირებია. მათი უდიდესი დამსახურებაა იმაში, რომ ეროვნული ნაკრები ასე ახლოს იყო სანატრელ მიზანთან.
არასოდეს დავიღლები მათთვის მადლობის გადახდით. გუშინაც აღვნიშნე და დღესაც გავიმეორებ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხი ყველაზე დიდი ტრაგედია იყო სწორედ ქართული ფეხბურთის ნამდვილი გულშემატკივარისთვის.
თუმცა, აქვე მათთვის განვმარტავ, რომ ის მოვლენები, რომელიც საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩის მეორე დღეს ფეხბურთის ფედერაციასთან ხდებოდა, არანაირ კავშირში არ იყო ქართულ ფეხბურთთან. 13 ნოემბერს ფედერაციის შენობასთან არც ერთი ნამდვილი გულშემატკივარი არ იდგა. იქ იდგნენ პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები, რომლებიც ყველანაირი ხერხებით ცდილობდნენ პროვოკაციების მოწყობას. სწორედ მათი მისამართით იქნა ნათქვამი ის ფრაზები, რომლით აპელირებასაც ახლა ცდილობენ.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ქართულ ფეხბურთს ყავს გამორჩეული ქომაგი, რომელიც ყოველთვის გვერდით უდგას თავის საყვარელ გუნდს.
აღვნიშნავ, რომ ქართველი ქომაგის უდიდესი დამსახურებაა, რომ ეროვნული ნაკრები ასე ახლოს იყო სანატრელ მიზანთან.
ბოლოს, მინდა წარმატება ვუსურვო საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ხვალინდელ მატჩზე, რომელსაც სომხეთის წინააღმდეგ გამართავს. ჩვენ ბიჭებს სწორედ ახლა, ყველაზე მეტად ჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა".

მინდა განმარტება გავაკეთო ფეხბურთის გულშემატკივრისთვის, რომლის შეცდომაში შეყვანასაც მიზანმიმართულად ცდილობენ....

Posted by David Mujiri on შაბათი, 14 ნოემბერი, 2020

შეგახსენებთ, რომ 12 ნოემბერს საქართველოს ნაკრებმა ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალი წააგო შინ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან. ამას მოყვა ფანების ნაწილის პროტესტი სფფ-ს შენობასთან, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები