Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პირველი ეშელონის გუნდებთან ერთად, ტურნირში პირველად ჩაება.''ბორჯღალოსნებმა'' შემოდგომის ერთა თასზე პირველი მატჩი ინგლისის ნაკრებთან გამართეს, რომელსაც ისტორიაში მესამედ შეხვდნენ.

ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა ნაკრებმა სადებიუტო მატჩი ლეგენდარულ ''თვიქნემზე'' ჩაატარა და 0:40 დამარცხდა. ინგლისმა ''ბორჯღალოსნების'' ჩათვლის მოედანში 6 ლელო დადო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ''ბორჯღალოსანთა'' მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ინგლისთან ჩატარებული მატჩი შეაფასეს. მაისაშვილმა აღნიშნა, რომ მთავარი ამოცან პირველი დონის გუნდებთან თამაში, ამ თამაშის მართვა და მათთან შეტევაა. 

ლევან მაისაშვილი: "მეტოქეს სიურპრიზი არ შემოუთავაზებია. ეპიზოდებში გუნდურად და ინდივიდუალურად დავალებები ვერ შევასრულეთ და ამით იხეირეს. ასეთ თამაშებში უფრო მნიშვნელოვანია ჩვენ რას გავაკეთებთ, ვიდრე მეტოქე რას შემოგვთავაზებს, რადგან ისინი ხეირობენ ჩვენი შეცდომებით.

მთავარი ამოცანაა, რომ პირველი დონის გუნდებთან ვისწავლოთ თამაშის მართვა და შეტევა. შოტლანდიის თამაშის შემდეგ იყო მომენტები, სადაც უკეთესად გამოვიყურებოდით და რაც მთავარია, უფრო ბრძოლისუნარიანები ვიყავით.

სამწუხაროდ, ვერ შევძელით თამაშის მართვა, რაც ალბათ ინგლისთან ბუნებრივიცაა. პირველ ტაიმში 90% დაცვაში ვიყავით და ლელოები მივიღეთ. მეორე ტაიმში გარკვეულწილად შევძელით შეტევასა და დაცვაში ბალანსის დაჭერა, მაგრამ საბოლოოდ მაინც შეცდომები დავუშვით. მთლიანობაში უკეთესები ვიყავით ვიდრე ერთი კვირის წინ, მაგრამ ეს ის არ არის, რაც გვინდა. იმისათვის, რომ პირველი დონის გუნდებს თანაბრად ვეთამაშოთ, საჭიროა გამოცდილება, კონკურენცია კონკრეტულ პოზიციებზე, ცოტა ჯანი და შეთამაშება.

ეს ყველაფერი თამაშიდან თამაშამდე გამოსწორდება. რაც შეეხება კონკურენციას, ეს გრძელვადიანი პრობლემაა. კონკრეტულად ამ თამაშიდან ბევრი კარგი რამ ვისწავლეთ და ეს წინგადადგმული ნაბიჯია. მე მჯერა, რომ თამაშიდან თამაშამდე აუცილებლად გავიზრდებით.

სამწუხაროდ, ლიმიტირებული გვყავს მოთამაშეები. გვაქვს პრობლემები მოლში, მაგრამ ფაქტობრივად ახალი გუნდი გვყავს და ეს ნაწილობრივ ამის ბრალია. მომავალი თამაშისთვის დაგვემატება კოტე მიქაუტაძე, რომელიც ნებისმიერი გუნდისთვის დიდი ძალაა. გარდა ამისა, ორი მეორეხაზელი ტრავმირებული გვყავდა და მთელი კვირის განმავლობაში სათანადოდ ვერ ვივარჯიშეთ. ჯავახიას თამაში მხოლოდ ბოლო მომენტში გადაწყდა უელსთან მატჩის წინ მის გარდა ნოდარ ჭეიშვილიც დაგვემატება".

მერაბ შარიქაძე: "რასაც ველოდით ის გააკეთეს. ინგლისელები ეფექტურად ახერხებენ წნეხის არიდებას და წნეხში მეტოქის მოქცევას. ჩვენთვის მთავარია, რომ წნეხთან უკეთ გამკლავება შევძლოთ. არ არსებობს ერთი რეცეპტი, რაც ინგლისის დონის გუნდად გვაქცევს. ზოგადად რომ ვთქვათ გამოცდილება გვაკლია".

კომენტარები

ბოლო ამბები