Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პირველი ეშელონის გუნდებთან ერთად, ტურნირში პირველად ჩაება.''ბორჯღალოსნებმა'' შემოდგომის ერთა თასზე პირველი მატჩი ინგლისის ნაკრებთან გამართეს, რომელსაც ისტორიაში მესამედ შეხვდნენ.

ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა ნაკრებმა სადებიუტო მატჩი ლეგენდარულ ''თვიქნემზე'' ჩაატარა და 0:40 დამარცხდა. ინგლისმა ''ბორჯღალოსნების'' ჩათვლის მოედანში 6 ლელო დადო.

ცხადია, ედი ჯონსის გუნდმა მატჩი აქტიურად დაიწყო და საქართველოს ნაკრებს დიდი ხნის განმავლობაში უტევდა. აღსანიშნავია, რომ ქართველი მორაგბეები კარგ დაცვას თამაშობდნენ და პირველ 10 წუთში მეტოქეს ლელოს რამდენჯერმე არ დაადებინეს, თუმცა მე-14 წუთზე ინგლისი მაინც დაწინაურდა. ჯეკ უილისმა, რომელიც ნაკრებში პირველ მატჩს ატარებდა, სადებიუტო ლელო გაიტანა, ხოლო ოუენ ფარელმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

''ბორჯღალოსნებმა'' შეტევაში წასვლა რამდენჯერმე სცადეს, მაგრამ ინგლისმა ყველა მომენტში თავი კარგად დაიცვა და ტაიმის ბოლო 10 წუთში საქართველოს კიდევ სამი ლელო გაუტანა. ჯეიმი ჯორჯმა 29-ე და 33-ე წუთებზე იდენტური ლელოები გაიტანა. ინგლისმა საქართველოს 22-მეტრიან მონაკვეთში აუტი მოიგო, მოლი ჩამოაყალიბა და ქართველი მორაგბეები ორივე შემთხვევაში დაჩაგრა. ოუენ ფარელმა კი ჯორჯის 2-ლელოდან მხოლოდ ერთი გარდასახა - 0:19.

ტაიმის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, ინგლისელებმა ხაზი გაჭრეს და ბურთი ელიოტ დეილის მიუვიდა, რომელმაც პირველი ტაიმის ბოლო ლელო დადო, რომელიც ოუენ ფარელმა გარდასახა და ედი ჯონსის გუნდმა პირველი ტაიმი 26:0 მოიგო.

📺 ინგლისი v საქართველო [მიმოხილვა]

საქართველოს ნაკრებს მეორე ტაიმის სტარტზე ლელოს დადების შანსი ჰქონდა, თუმცა ინგლისმა ისევ კარგი დაცვა ითამაშა და საპასუხო შეტევაში ჯეიმი ჯორჯმა მატჩში მესამე ლელო დადო და ჰეთთრიკი შეასრულა, ფარელმა კი მე-4 გარდასახვა გაიტანა.

ინგლისელებმა შეხვედრის 69-ე წუთზე მე-6 ლელო დადეს. დენ რობსონმა მშვენიერი ცრუმოძრაობა გააკეთა და ფარელმა მეხუთედ გარდასახა - 40:0. დარჩენილ დროში არაფერი შეიცვალა და ინგლისმა ამ ანგარიშით მოიგო. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჯეიმი ჯორჯი გახადა. ის პირველი პირველხაზელია, რომელმაც ინგლისის ნაკრების ისტორიაში ჰეთთრიკი შეასრულა.

ინგლისის ნაკრებმა 5 ქულა აიღო და ჯგუფში გალიდერდა. მათი მომდევნო მეტოქე ირლანდიის ნაკრები იქნები, ხოლო საქართველო 21 ნოემბერს უელსის ნაკრებს შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ ბოლოს საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა უქულოდ 2018 წლის 23 ივნისს დაასრულა, როდესაც ''ბორჯღალოსნებმა'' იაპონიასთან მატჩი 0:28 დათმეს.

ინგლისი 40:0 საქართველო

ინგლისი: 15. ელიოტ დეილი, 14. ჯონათან ჯოზეფი, 13. ოლი ლოურენსი, 12. ჰენრი სლეიდი, 11. ჯონი მეი, 10. ოუენ ფარელი (კაპ.), 9. ბენ იანგსი, 8. ბილი ვუნიპოლა, 7. ჯეკ უილისი, 6. მარო იტოჯე, 5. ჯო ლანჩბერი, 4. ჩარლი იუელსი, 3. უილ სტიუარტი, 2. ჯეიმ ჯორჯი, 1. ელის გენჯი.

სათადარიგოები: 16. ტომ დანი, 17. მაკო ვუნიპოლა, 18. კაილ სინკლერი, 19. ბენ ირლი, 20. ტომ ქარი, 21. დენ რობსონი, 22. მაქს მალინსი, 23. ჯო მარჩანტი.

საქართველო: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო სვანიძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. გელა აფრასიძე, 8. ბექა გორგაძე, 7. გიორგი თხილაიშვილი, 6. ბექა საღინაძე, 5. გრიგორ ქერდიყოშვილი, 4. ლაშა ჯაიანი, 3. ბექა გიგაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 1. მიხეილ ნარიაშვილი.

სათადარიგოები: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. ლექსო ყაულაშვილი, 19. ოთარ გიორგაძე, 20. თორნიკე ჯალაღონია, 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. დემე თაფლაძე, 23. სანდრო თოდუა.

კომენტარები

ბოლო ამბები