Thumbnail

ნიკა კვეკვესკირი: გამაყრუებელი სიჩუმის ფონზე გამოცდისთვის მზად არ ვიყავით

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 📅 15 ნოემბერი | ⌚ 21:00 | ⚽ საქართველო V სომხეთი 📺 პირველი არხი
  • საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მაკედონიასთან წაგებულ ფინალზე
  • ფეხბურთელის თქმით, მწარე გაკვეთილიდან სწორი დასკვნებია გამოსატანი

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზახური ტობოლის ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეი ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხს (0:1) გამოეხმაურა.

28 წლის ფეხბურთელმა ცარიელ "დინამო არენაზე" გამართული მატჩში შეუცვლელად ითამაშა. ნიკა ამბობს, რომ წარუმატებლობა სწრაფად უნდა დავივიწყოთ და წინსვლაზე ვიფიქროთ.

"რთულია ამ პოსტის გამოქვეყნება, რადგან ამ თამაშამდე ვფიქრობდი, რომ სულ სხვა ემოციის შემცველ სიტყვებს დავწერდი. მაგრამ, დღეს სხვა რეალობა დადგა. რეალობა, რომელსაც არასდროს გავურბივარ. ვწერ, რადგან სულ გვახსოვდეს ემოცია, რომელიც ამ თამაშმა დაგვიტოვა. 

ვერ დავძლიეთ საოცნებო გამოწვევა, რომელსაც ყველა თაობის ადამიანი ელოდა. ფაქტია, ვერ გავუმკლავდით წნეხს, ვერც ემოციურად და ვერც ფსიქოლოგიურად. ამ ყველაფერმა თამაშზე იმდენად დიდი გავლენა მოახდინა, რომ ჩვენც ერთგული გულშემატკივრების მსგავსი ბრაზი და იმედგაცრუება გაგვიჩინა.

როგორც აღმოჩნდა, ასეთი გამოცდისთვის "გამაყრუებელი სიჩუმის ფონზე" მზად არ ვიყავით. ძალიან მძიმე გაკვეთილი მოგვიმზადა საფეხბურთო ცხოვრებამ ამ ფორმაციის ნაკრებს. 

ახლა სწორი დასკვნების გაკეთების დროა, ფეხზე უნდა წამოვდგეთ და გავაგრძელოთ წინსვლა. ჩვენი სიძლიერე და ერთიანობა ზუსტად ასეთი გამოცდის ჩაბარებით მტკიცდება. დღეს, ერთმა ადამიანმა მითხრა: "ომი სულ გრძელდება". მართლა ასეა და ამაყი ვარ, რომ ამ ომში ასეთი ბიჭების გვერდით ვიქნები. 

მჯერა ჩვენი ფეხბურთის და სანატრელი მიზნის მიღწევის, რომლისთვისაც ბრძოლას ვაგრძელებთ. მინდა, რომ ყველა მძაფრი ემოცია და კადრი, რომელიც ჩემი და ჩემი თანაგუნდელების მეხსიერებაში 12 ნოემბრის ღამემ დატოვა, მალე გამარჯვებებმა ჩაანაცვლოს", - წერს კვეკვესკირი სოციალურ ქსელში.

📺 საქართველო v ჩრდ. მაკედონია [მიმოხილვა]

ნიკა კვეკვესკირი საქართველოს ნაკრების განარგულებაში რჩება და მომავალი მატჩებისთვის ემზადება. ვლადიმირ ვაისის გუნდი უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში ჯერ სომხეთს უმასპინძლებს (15 ნოემბერს), შემდეგ კი ესტონეთს ესტუმრება (18 ნოემბერს).

ერთა ლიგის მე-2 ქვეჯგუფში საქართველოს ნაკრებს 4 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და მე-2 პოზიციაზეა, ლიდერ ჩრდილოეთ მაკედონიას კი მხოლოდ გატანილი გოლებით ჩამორჩება. ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი B დივიზიონის საგზურს მოიპოვებს.

კომენტარები

ბოლო ამბები