Thumbnail

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში მარცხის შემდეგ, უეფას ერთა ლიგის C დივიზიონს უბრუნდება. ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში ვლადიმირ ვაისის გუნდი სომხეთის ნაკრებს მნიშვნელოვან შეხვედრაში მასპინძლობს. თამაშის წინა დღეს სლოვაკმა სპეციალისტმა პრესკონფერენცია გამართა.

ვლადიმირ ვაისი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):

...მაკედონიასთან მატჩზე: "მაკედონიასთან თამაშის ღამე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე იყო. საბოლოო ჯამში, დაცვაში დაშვებულმა შეცდომამ განაპირობა ყველაფერი. მეტოქემ ყველა თამაშში საგოლე მომენტების მცირე შანსი მიიღო, მაგრამ ყველა გამოიყენა. ჩვენს შემთხვევაში საპირისპირო სიტუაცია იყო, სხვა მატჩებში ბევრი შასნი ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ მაკედონიასთან, როგორც უკვე ვთქვი, ყველაფერი ერთმა შეცდომამ გადაწყვიტა. ყველა ჩვენგანისთვის ემოციური დღე და უდიდესი იმედგაცრუება იყო, მაგრამ ცხოვრება გრძელდება, ვემზადებით ხვალინდელი მატჩისთვის".

...დანაკლისზე მაკედონიასთან: "ვფიქრობ, რომ ფეხბურთელები,რომლებიც დაგვაკლდა, გამორჩეული ინდივიდუალური მოთამაშებეეი არიან და რომ ყოფილიყვნენ, შეიძლება სხვა რეალობა გვენახა. თუმცა, მიმაჩნია, რომ ასეთ თამაშში გამოცდილ ფეხბურთელებს მეტი ხარისხი უნდა ეჩვენებინათ, საპირისპირო მოხდა მაკედონიის ნაკრებში და მათ მოახერხეს გამარჯვება".

..ლობჟანიძესა და დავითაშვილზე: "რა თქმა უნდა, ხვალ ცვლილებები იქნება. შესაძლოა, საბა ლობჟანიძისა და ზურიკო დავითაშვილის მსგავსი მოთამაშეები კონტრშეტევებზე უკეთესი ყოფილიყო, მაგრამ მაკედონიასთან სხვა თამაში იყო, ისინი მკაცრ პრესინგს თამაშობდნენ. ჩვენ ვერ შევქმენით მომენტები და თამაშის შემდეგაც აღვნიშნე, რომ შესაძლოა ცვლილებები დაგვიანებული იყო, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე წარსულში დარჩა".

..ნაკრების ახალი მწვრთნელზე: 'არ ვიცი, ვინ იქნება მომდევნო მთავარი მწვრთნელი, მაგრამ ვფიქრობ, თემურ ქეცბაიას მსგავსი ვარიანტი კარგი იქნება თქვენი ნაკრებისთვის, რადგან მქონდა მასთან საუბარი, ვიცი მისი ურთიერთობა ფეხბურთელებთან და ახალ მწვრთნელს, რომელსაც ჩემი და ქეცბაიას თვისებების მიქსი ექნება, შეეძლება მომავალში უკეთესი შედეგი მოიტანოს.

ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოში არიან ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც შექმნიან უკეთეს მომავალს. განვლილი 5 წელიწადი ჩემთვის იქნება დაუვიწყარი, ყოველთვის თბილად გამახსენდება და მუდამ ამ ფეხბურთელების გულშემატკივარი ვიქნები".

...სომხეთთან მომავალ მატჩზე: "ხვალ არ არის მოედანზე გასვლა ადვილი, მაგრამ გვყავს კარგი ფეხბურთელები და ის წნეხი, რომელიც წინა თამაშს ახლდა, გადაივლის და ხვალ წარმატებას მივაღწევთ. ჯგუფში გამარჯვება გარკვეულწილად სომხეთთან ამ შეხვედრაზე იქნება დამოკიდებული. ფეხბურთელებისა და მომავლისთვის მნიშვნელოვანია B დივიზიონში გადასვლა. ფაქტია, რომ უნდა ვაჩვენოთ ახალი, წარმატებული თამაში. შანსი მიეცემათ ფეხბურთელებს, რომლებიც წინა მატჩში სათადარიგო სკამზე იყვნენ

რა თქმა უნდა, მხითარიანის გარეშე სომხეთისთვის თამაში რთულია. ის არაჩვეულებრივი მოთამაშე და ადამიანია. მაგრამ არ ველი, რომ მის არყოფნაში მეტოქემ ტაქტიკური ცვლილებები განახორციელოს.

დიახ, სლოვაკეთის ნაკრებში მუშაობის პერიოდში სომხეთთან ორჯერ დავმარცხდი, მაგრამ წინა თვეში ძალიან ახლოს ვიყავით მოგებასთან და ვფიქრობ, ხვალ გამარჯვება შეგვიძლია. მოთამაშეები, რომლებიც ითამაშებენ, გუნდში ახალ განწყობას შემოიტანენ და შეგვიძლია გითხრათ, რომ გამარჯვებისთვის მზად ვართ".

📺 საქართველო v ჩრდ. მაკედონია [მიმოხილვა]

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის მე-2 ქვეჯგუფში საქართველოს ნაკრებს 4 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და მე-2 პოზიციაზეა, ლიდერ ჩრდილოეთ მაკედონიას კი მხოლოდ გატანილი გოლებით ჩამორჩება. ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი B დივიზიონის საგზურს მოიპოვებს.

კომენტარები

ბოლო ამბები