Thumbnail

საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირმა შოთა არველაძემ, რომელიც ამჟამად ტაშკენტის ფახთაქორს წვრთნის, რუსულ მედიას ინტერვიუ მისცა, სადაც საქართველოს გამოუყენებელ შანსზე, ვლადიმირ ვაისის ადგილის დაკავების შესაძლებლობასა და ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა.

რა თქმა უნდა, 47 წლის სპეციალისტი გულდაწყვეტილია ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფინალის წაგების (0:1) გამო, თუმცა აღნიშნავს, რომ ყველაფრის მიუხედავად, პოზიტივის დანახვა უნდა ვცადოთ.

📺 საქართველო v ჩრდ. მაკედონია [მიმოხილვა]

"ვერ წარმოიდგენთ, როგორი გულდაწყვეტილი ვარ. ძალიან მტკივნეულია. გუნდი ეცადა, სურდა მოგება. ეს მხოლოდ ერთი თამაში არ იყო, ეს მთელი გზაა, რომელიც 30 წლის წინ დავიწყეთ. 

პოზიტივი უნდა დავინახოთ - პირველად მივუახლოვდით ევროპის ჩემპიონატს. ეს გამოცდილებაა. საქართველომ ჯერ ერთა ლიგის ჯგუფი მოიგო, შემდეგ - ნახევარფინალი. ფინალში დავმარცხდით, მაგრამ არა თამაშით - ორივე გუნდი არეული იყო. მოხდა ის, რაც მოხდა. დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. 

ჩვენ არ ვიცოდით, როგორ გვეთამაშა ხუთი მცველის წინააღმდეგ. ასეთ დროს ინდივიდუალური შემსრულებლები გჭირდება

ჩვენ არ ვიცოდით, როგორ გვეთამაშა ხუთი მცველის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ჩემთვის იოლია მსჯელობა, რადგან თამაშს ტელევიზორში ვუყურებდი. შეტევაში თითქმის არაფერი გამოგვდიოდა. სამი საკვანძო ფეხბურთელის გამოკლებამ, არ მოგვცა გუნდური, კომბინაციური ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობა. როდესაც მეტოქე ხუთი მცველით და კონტრშეტევებით გეთამაშება, ინდივიდუალური შემსრულებლები გჭირდება. 

საქართველოს ნაკრებმა ისტორიული შანსი ვერ გამოიყენა

არავის დადანაშაულება მსურს, მაგრამ საქართველოს მთავრობასაც და ფეხბურთის ფედერაციასაც უნდა ეზრუნა სტადიონზე გულშემატკივრების დაშვებაზე - არა 40 ათასის, მაგრამ შეიძლებოდა თუნდაც ათ-ათი ადგილის გამოტოვებით, სოციალური დისტანციის დაცვით. ჩვენ მხარდაჭერა გვჭირდებოდა. არ ვიცი, ეს ყველაფერი რომელ დონეზე გადაწყდა. ზოგჯერ ის ადამიანები, რომლებიც ასეთ საკითხებს წყვეტენ, ნაკლებად ერკვევიან იმაში, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი მხარდაჭერა. 

საქართველოს მთავრობასაც და ფეხბურთის ფედერაციასაც უნდა ეზრუნათ სტადიონზე გულშემატკივრების დაშვებაზე

ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან. მადლობა უნდა ვუთხრათ მწვრთნელსაც და ფეხბურთელებსაც. ამისკენ ორი წელიწადი მივდიოდით. არავი გვიშლის ხელს, მომდევნო შესარჩევ ციკლში გავიმარჯვოთ და მოვხვდეთ დიდ ტურნირში", - უთხრა შოთამ matchtv-ს. 

ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებს ემშვიდობება

არველაძემ ვლადიმირ ვაისის მიერ გაწეული სამუშაო შეაფასა და საქართველოს ნაკრებში მისი ადგილის დაკავების შესაძლებლობაზეც ილაპარაკა:
 
"მესმის ადამიანის, რომელმაც სული ჩადო, ორი წელიწადი იმუშავა, რათა ამ ყველაფრისთვის მიეღწია, მაგრამ ერთ დღეს ეს ყველაფერი დაიმსხვრა. ჩვენთან ასეა: დღეს გმირი ხარ, ხვალ - ანტიგმირი. და როგორც ყოველთვის, სამი მილიონი ქართველიდან ყველა მწვრთნელია - არასწორად შეარჩია შემადგენლობა, არასწორად განახორციელა ცვლილებები და ა.შ.

საქართველოს ნაკრების გაწვრთნა? არ მინდა, რომ ჩემი ახლობლები ნერვიულობდნენ

საქართველოს ნაკრების გაწვრთნა? არა, ეს ძალიან მტკივნეული თემაა. არ მინდა, რომ ჩემი ახლობლები ნერვიულობდნენ. ჩვენთან უფრო იოლია პრემიერ-მინისტრი გახდე, ვიდრე ნაკრების მწვრთნელი. მირჩევნია, პრემიერ-მინისტრი ვიყო".

61 მატჩში გატანილი 26 გოლით შოთა საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია

შოთამ აზრი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც გამოთქვა, რომელმაც ჩრდილოეთ მაკედონიასთან კორონავირუსის გამო ვერ ითამაშა. არველაძის აზრით, 19 ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად ყაზანის რუბინის ღირსებას იცავს, ევროპაში აუცილებლად წავა. 

"გვაკლდა არაორდინალურობა. ის ერთი-ერთზე ატყუებს, მეტოქეს აღებინებს გაფრთხილებას, მისი მოქმედებები გუნდს თავდაჯერებას მატებს. ასეთები წყვეტენ მატჩების ბედს. 

დიახ, ხვიჩა წავა ევროპაში. რომელ ჩემპიონატში? ვისურვებდი, რომ ინგლისის პრემიერლიგაში წავიდეს. დიდი ხანია უკვე იქ ჩვენიანი არავინ ყოფილა. შეიძლება ლა ლიგაც. თუკი ბაიერნი აიყვანს, გული ამ შემთხვევაშიც არავის დაწყდება. ან სულაც ჩემს მეგობარ პეტერ ბოსთან, ლევერკუზენის ბაიერში".

 

კომენტარები

ბოლო ამბები