Thumbnail

საქართველოს ნაკრებმა მთავარი მიზანი ვერ შეასრულა და ევრო 2020-ის საგზური ვერ მოიპოვა. ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხი დიდი დარტყმა გამოდგა, განსაკუთრებით ფეხბურთელებისთვის, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და ნაკრების წინაშე ახალი გამოწვევებია.

ამჯერად უკვე ერთა ლიგის C დივიზიონი, საიდანაც B დივიზიონში გადასვლის შანსია. ბედის ირონიით, აქაც ჩვენი მთავარი კონკურენტი ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებია. ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მეტოქე უპირატესობას ფლობს, თუმცა ეს მხოლოდ მეტ გატანილ გოლში აისახება. ურთიერთშეხვედრებში აბსოლუტური თანაფარდობაა (1:1, 1:1) და ქულებშიც (6-6). ამგვარად, ბოლო ორ ტურში ჯგუფს ის მოიგებს, ვინ მეტ ქულას დააგროვებს ან უკეთესი ბურთების შეფარდება ექნება. თუმცა, სომხეთის ნაკრებსაც 5 ქულა აქვს და შანსი მასაც გააჩნია.

სწორედ სომხეთის ნაკრებია საქართველოს მომდევნო და ამ რთულ ვითარებაში პირველი მეტოქე. სომხეთი-საქართველოს მატჩი ერთი თვის წინ პოლონეთში (ნეიტრალურ სტადიონზე) გაიმართა და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. იქ გამარჯვება ბოლო წუთებში დავკარგეთ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.

საქართველოს ნაკრები ამ შეხვედრისთვის 27 ფეხბურთელით ემზადება, ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას ისევ კორონავირუსი აქვთ, ხოლო გიორგი ქვილითაია და ბუბა დაუშვილი მოედანზე დისკვალიფიკაციი გამო ვერ გავლენ.

ვლადიმირ ვაისმა წასვლა დააანონსა, ფსიქოლოგიურად რთული მდგომარეობაა, მაგრამ ახლა მომხდარს არ ეშველება და წინ ყურებაა მნიშვნელოვანი. ამიტომ, ძალა უნდა გამოიძებნოს და საქართველოს ნაკრებმა სომხეთთან პრინციპულ მატჩში მოედანზე მაქსიმუმი დადოს, თუნდაც სამომავლო განწყობისთვის, იმედისთვის, ნაწილობრივი რეაბილიტაციისთვის და ფეხზე დადგომისთვის.

საქართველო მნიშვნელოვან შეხვედრას უმძიმესი მარცხით ხვდება

სომხეთის ნაკრებს რამდენიმე საკმაოდ კარგი ფეხბურთელი ჰყავს, მაგრამ მთავარი ფიგურა ჰენრიხ მხითარიანია, რომელიც გუნდს ვერ ეხმარება, რადგან რომაში კარანტინის დატოვების უფლება ვერ მისცეს. სხვათა შორის, იმავე მიზეზი მაკედონიაში გორან პანდევის არგაშვებაც იყო დააანონსებული, მაგრამ ბოლო მომენტში ლიგურიის რეგიონის ჯანდაცვის უწყებამ გადაწყვეტილება შეცვალა. რა თქმა უნდა, მხითარიანი სომხეთის ნაკრებისთვის ძალიან დიდი დანაკლისია.

გუნდის მთავარი ფორვარდი რუსული ტამბოვის ფეხბურთელი ალექსანდრ კარაპეტიანია, რომელიც თბილისში დაიბადა და გაიზარდა. ერთი პერიოდი საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილსაც გამოთქვამდა, ხოლო ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისთვის "დინამო არენაზე" თამაში განსაკუთრებული იქნება.

საქართველოს ნაკრებს და სომხეთს აქამდე 6-ჯერ უთამაშიათ, აქედან ორჯერ - კვიპროსის ტურნირზე, სადაც 2000 წელს საქართველომ მოიგო (2:1), ხოლო 2004 წელს - სომხეთმა (2:0). თუმცა, ეს ორი დუელი ფიფა-უეფას კალენდარული მატჩები არ ყოფილა (მათ შორის არც ამხანაგური). კიდევ სამ დაპირისპირებას რაც შეეხება, სამივე ამხანაგურ სტატუსს ატარებდა. 2011 წელს თემურ ქეცბაიას თავკაცობით ქართველებმა 2:1 იმარჯვეს, ხოლო 2000 წლის აპრილში გუნდებმა გოლები ვერ გაიტანეს. საქართველოსა და სომხეთის დაპირისპირებებიდან ყველაზე დასამახსოვებელი პირველი შეხვედრაა - 1997 წლის 30 მარტს, თბილისში საქართველომ 7:0 მოიგო. ეს სომხეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით განცდილი მარცხი იყო დიდი ხნის განმავლობაში და მხოლოდ 2019 წლის ნოემბერში "წაგვართვეს" რეკორდი, როდესაც იტალიამ სომხეთს 9:1 მოუგო.

ჩრდ.მაკედონიასთან ვაისის გუნდს საგოლე მომენტი არ შეუქმნია

ერთი თვის წინ გუნდები პირველად შეხვდნენ ოფიციალურ მატჩში და მასპინძლის სტატუსი სომხეთს ჰქონდა, ოღონდ თამაში პოლონეთში გაიმართა და ფრე დაფიქსირდა. პირველი ტაიმი სომხებმა მოიგეს, შემდეგ საქართველომ ნიკა კაჭარავასა და თორნიკე ოქრიაშვილის გოლებით ანგარიში წაიყვანა, მაგრამ მატჩის მიწურულს მხითარიანმა პენალტით საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრებს სომხეთთან კარგი მოგონებები თუ აკავშირებს, სრულიად განსხვავებული სიტუაციაა ვლადიმირ ვაისის შემთხვევაში. სლოვაკეთის ნაკრებში მუშაობის პერიოდში მას ორჯერ მოუწია სომხებთან თამაშმა და ორივეჯერ წააგო - ერევანში 1:3 და ბრატისლავაში 0:4! ეს ყველაფერი ევრო 2012-ის შესარჩევ ციკლში მოხდა. სომხეთთან განადგურების შემდეგ ვაისმა კიდევ ორ შეხვედრაში (რუსეთთან და ჩრდ. მაკედონიასთან) უხელმძღვანელა სლოვაკეთის ნაკრებს და გაათავისუფლეს.

საინტერესო ფაქტები

⚽ საქართველოსა და სომხეთის ნაკრებები ერთმანეთს მეშვიდედ შეხვდებიან, ოფიციალურ მატჩში - მეორედ.

⚽ ურთიერთშეხვედრებში საქართველო უპირატესობას ფლობს: 3 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება (13:6 ბურთების ბალანსი).

⚽ ამ ნაკრებების წინა ექვს დაპირისპირებაში 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა, ხოლო სამჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ტურნირზე დაუმარცხებელია! 10 თამაში 6 მოგება და 4 ფრე (6 მატჩი D ლიგაში, 4 მატჩი C ლიგაში).

⚽ სომხეთის ნაკრებს ერთა ლიგაზე ჩატარებული წინა 10 მატჩიდან 4 აქვს მოგებული (3 ფრე, 3 წაგება). ერთ-ერთი გამარჯვება კი ჩრდილოეთ მაკედონიასთან იზეიმა - 4:0 (2018 წლის16 ოქტომბერს).

⚽ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით სომხეთის ნაკრები ჰყავს დამარცხებული - 7:0.

⚽ საქართველოს ნაკრებმა 2020 წელს პირველი მარცხი ჩრდილოეთ მაკედონიასთან განიცადა (2 მოგება, 3 ფრე).

⚽ საქართველოს ნაკრების ბოლო 10 თამაშში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა, ხოლო 5-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა. ამ მატჩებიდან 3 ქართველებმა მოიგეს, 3 წააგეს და 4-ჯერ ფრე დაფიქსირდა.

⚽ სომხეთის ნაკრებს 3-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (1 მოგება, 2 ფრე). ამ გუნდის ბოლო 10 შეხვედრაში 6-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 7-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა. სომხეთის ნაკრებმა ბოლო მატჩი, რომელშიც გოლი ვერ გაიტანა, ერთი წლის წინ, 15 ნოემბერს, საბერძნეთთან ჩაატარა.

კომენტარები

ბოლო ამბები