Thumbnail

‘სულ ერთი და იგივე, მესი გაინძერი!’ - კადრები უეფას ფილმიდან მსაჯებზე

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • უეფა დოკუმენტურ ფილმში მსაჯების თვალით დანახულ რეალობას გვიყვება
  • ერთი ცნობილი რეფერი ლიონელ მესის მკაცრად აკრიტიკებს

ცნობილი ნიდერლანდელი მსაჯი ბიორნ კუიპერსი შარშან ლიონელ მესის ეკამათა და არგენტინელი სუპერვარსკვლავი უპატივცემულობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა AS ავრცელებს, რომელსაც წყაროდ უეფას ჯერაც გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ფილმი მოჰყავს. ეს არის ფილმი სახელწოდებით “Man in the Middle”, რომელიც მატჩებს მსაჯების თვალით დაგვანახებს.

მოპოვებულ ეპიზოდებში ნიდერლანდელმა მსაჯმა მესის უთხრა: “მესი, მოდი რა, ცოტა პატივისცემა გამოიჩინე და დაუჩქარე! ყოველთვის ერთსა და იმავეს აკეთებ. გაინძერი ახლავე!”

როცა ამას ეუბნებოდა, კუიპერსმა Respect-ის ლოგოზე მიუთითა და მესის ოდნავ ხელიც უბიძგა. ეს არის სცენა ჩემპიონთა ლიგის 2019 წლის ნახევარფინალიდან ბარსელონასა და ლივერპულს შორის.

როგორც ირკვევა, ეს არის მეორე ტაიმის მომენტი - როდესაც მესი სტანდარტულის შესრულებას არ ჩქარობდა და ლივერპულელებს და კუიპერსს ალოდინებდა. ამ კონკრეტულ მატჩში მესიმ დუბლი შეასრულა და ბარსელონამ ლივერპულს 3:0 მოუგო. თუმცა საპასუხო შეხვედრაში, ლივერპულმა ‘ენფილდზე’ სასწაული ქამბექი დადო და 4:0 გაიმარჯვა. ფინალში გასულმა ლივერპულმა კი ტოტენჰემი 2:0 დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები