Thumbnail

PUBG mobile ინდოეთის ბაზარზე ახალი თამაშით ბრუნდება

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • სექტემბერში, ინდოეთმა 100-ზე მეტი ჩინური აპლიკაცია დაბლოკა, მათ შორის, PUBG mobile-ც.
  • PUBG Corporation ახალ თამაშს, PUBG Mobile India-ს ქმნის
  • თამაში მხოლოდ ინდოელი მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი. 

პოპულარული ონლაინ მულტიფლეიერი PUBG Mobile ინდურ ბაზარზე დაბრუნებას ახალ ფორმატში გეგმავს: ამის შესახებ, თამაშსი ავტორმა კომპანიამ,  PUBG Corporation განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ორი თვის წინ, ინდოეთმა 100-ზე მეტი ჩინური აპლიკაცია დაბლოკა, მათ შორის, PUBG mobile-ც. 3 სექტემბერს, ინდოეთის ტექნოლოგიების მინისტრმა განაცხადა, რომ ჩინური აპლიკაციები ინდოეთის პერსონალური ინფორმაციის დაცვის პირობებს არ აკმაყოფილებდა. თუმცა, ჭორების მიხედვით, აკრძალვის რეალური მიზეზი, ინდოეთსა და ჩინეთს შორის პოლიტიკური ურთიერთობების გამწვავება გახდა.

თამაშის ავტორმა კომპანია Tencent-მა განაცხადა, რომ PUBG სრულიად აკმაყოფილებდა ნებისმიერი პერსონალური ინფორმაციის დაცვის მოთხოვნას და მათი წარმომადგენლები ინდოეთის მთავრობას დაუკავშირდებოდნენ სიტუაციის გასარკვევად. როგორც ჩანს, ორი თვის შემდეგ, მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა: PUBG Corporation ახალ თამაშს, PUBG Mobile India-ს ქმნის, რომელიც მხოლოდ ინდოელი მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი. 

როგორც ჩანს, PUBG Corporation-ის მფლობელი კორპორაცია KRAFTON ამასაც არ დასჯერდა: ისინი ინდურ ბაზარზე 100 მილიონი დოლარის ინვესტიციის გაკეთებას გეგმავენ. ინვესტიციის მიზანი ქვეყანაში ადგილობრივი ვიდეოთამაშების, ელექტრონული სპორტის და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებაა. KRAFTON ინდოეთში ადგილობრივი წარმომადგენლობის გახსნასა და 100-ზე მეტი თანამშრომლის აყვანასაც აპირებს. 

''გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მომხმარებლებსა და ელექტრონული სპორტის გულშემატკივრებს: თქვენი დაუღალავი მხარდაჭერის გარეშე, ასეთი ინვესტიციის განხორციელება აზრადაც არ მოგვივიდოდა. ჩვენი მხრივ, უფრო მასშტაბურ ტურნირებს, დიდ საპრიზო ფონდებსა და უკეთეს სათამაშო გარემოს გპირდებით.'' ნათქვამია PUBG Corporation-ისა და KRAFTON -ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

PUBG Corporation, საკუთარ განცხადებაში, მომხმარებლის პირადი მონაცემების უსაფრთხოების დაცვის საკითხსაც შეეხო:

''მომხმარებლების უსაფრთხოება და დაცულობა ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტული საკითხი იყო, თუმცა, ბოლო თვეებში წამოჭრილი საკითხების გამო, მონაცემების დაცვა გავაძლიერეთ და, გარწმუნებთ, რომ თქვენს პირად ინფორმაციას არავითარი საფრთხე არ ემუქრება.''

PUBG საკმაოდ პოპულარული თამაშია და, მისი მომხმარებლებს შორის, პროცენტულად, ყველაზე დიდი წილი სწორედ ინდოელი გეიმერები არიან. გასულ სექტემბერს, აპლიკაციის დაბლოკვის შემდეგ, PUBG Corporation-მა განაცხადა, რომ ინდოეთზე PUBG mobile-ს შემოსავლის მხოლოდ 2,5 პროცენტი მოდის და თამაშის დაბლოკვა კომპანიას დიდად არ დააზარალებდა. თუმცა, როგორც ჩანს, 50 მილიონი ინდოელი მოთამაშე და მზარდი ინდური ვიდეოთამაშების ბაზარი, KRAFTON-ისთვის მეტისმეტად მიმზიდველი აღმოჩნდა.

ჯერჯერობით, გაურკვეველია, გამოიწვევს თუ არა PUBG Mobile-ზე აკრძალვის მოხსნა სხვა ჩინური აპლიკაციების ინდურ ბაზარზე დაბრუნებას.

კომენტარები

ბოლო ამბები