Thumbnail

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურის გარეშე და პლეი ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 წააგო. აღნიშნულ შეხვედრას სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი, ამჟამად კი, ტაშკენტის ფახთაქორის მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, გასულ მატჩზე ქომაგების დაშვება აუცილებელი იყო, რაც ბევრ რამეს შეცვლიდა.

შოთა არველაძე: "ძალიან სამწუხაროდ და ყველასთვის გულსატკენად დასრულდა მატჩი, რომელსაც 2 წელი ველოდით. თუმცა, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ - ასეთი მნიშვნელობის მატჩი, ჯერ ამ ნაკრებს, ამ ფეხბურთელებს არ უთამაშიათ. ასეთმა წნეხმა, პასუხისმგებლობამ, ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ და ცარიელმა ტრიბუნებმა ფეხბურთელებზე ყველაზე მეტად იმოქმედა. ნამდვილად ვერ მოვიწონებ და ვერ დავეთანხმები გადაწყვეტილებას, სტადიონზე გულშემატკივრის არ დაშვების შესახებ. ეს ჩვენი მთავარი იარაღი უნდა ყოფილიყო. ვალდებულები ვიყავით ეს ფაქტორი ჩვენ სასიკეთოდ გამოგვეყენებინა. ამხელა ქალაქში, ამხელა სტადიონზე ამის ორგანიზება შეიძლებოდა. გულშემატკივარი იმსახურებდა ამ მატჩზე ყოფნას და ფეხბურთელებიც იმსახურებდნენ მათ მხარდაჭერას. მიუხედავად მძიმე შედეგისა, ეს მარცხი კარგ გამოცდილებად უნდა ვაქციოთ და უნდა ვცადოთ, რომ ამ რანგის მატჩები კიდევ ვითამაშოთ. არც აქამდე გავსულვართ დიდ საფეხბურთო ფორუმზე, არც ჯგუფური ეტაპი მოგვიგია და არც ფინალში გვითამაშია. ამიტომ, სწორი დასკვნები უნდა გავაკეთოთ და იმ მიზნისკენ სიარული, რომელსაც ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ქვია, გუშინდელი დღით არ უნდა დავასრულოთ. მოდის თაობა, რომელიც ამას მიაღწევს".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპთან ერთ ნაბიჯში ერთად ლიგის D დივიზიონის მოგებით მივიდა, რასაც ნახევარფინალში ბელარუსთან (1:0) გამარჯვება მოჰყვა. თუმცა, ჩრდილოეთ მაკედონიასთან გუშინდელი შეხვედრის ბედი გორან პანდევის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისმა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასვლა დააანონსა. საქართველო მომდევნო მატჩს 15 ნოემბერს, ერთა ლიგის C დივიზიონში სომხეთის ნაკრებთან თბილისში ჩაატარებს.

📺 საქართველო v ჩრდ. მაკედონია [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები