Thumbnail

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრებთა მატჩის წინ, რომელმაც ევრო 2020-ზე გამსვლელი გუნდის ვინაობა უნდა გაარკვიოს, ემოციები მეტოქეთა რიგებშიც დუღს. ამაზე მეტყველებს Sportmedia.mk-ს პუბლიკაციაც, სადაც საქართველოს მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაკარგვაზეა საუბარი და იმედია გამოთქმული, რომ ჩვენს ქვეყანას 12 ნოემბერი კიდევ უფრო მწარედ დაამახსოვრდება. აი, რას ვკითხულობთ აღნიშნულ სტატიაში.

“დღევანდელი უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ თვალი ისტორიას გადავავლოთ. მითუმეტეს, რომ 12 ნოემბერი როგორც მაკედონიაში, ასევე საქართველოში უნდა ახსოვდეთ. კარგად ვიცით, რომ სწორედ ამ დღეს, 1944 წელს, პარტიზანები სკოპიეს განთავისუფლებისთვის ემზადებოდნენ და 13 ნოემბერს ეს მოხდა კიდეც. აი, საქართველოში კი ამ თარიღთან ცუდი მოგონებები აქვთ. 2006 წლის 12 ნოემბერს სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმი ჩატარდა და მოსახლეობის 99%-მა საქართველოდან გასვლას დაუჭირა მხარი, ამდენად, ქვეყანამ ეს რეგიონი დაკარგა. მოდით, ისე ვქნათ, რომ ქართველებს დღევანდელი თარიღი კიდევ უფრო ცუდად დაამახსოვრდეთ”.

ნათელია, რომ მაკედონიური გამოცემა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებულ მოვლენებს ცალმხრივად და ამავდროულად ზერელედ ეხება და ძალიან უტაქტო მოწოდებასაც აქვეყნებს. აღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ ნერვები მეტოქეთა რიგებშიც ძალიან დაძაბულია.

ჩრდილოეთმაკედონიურმა გამოცემამ მოგვიანებით ბოდიში მოიხადა და სტატია აიღო. 

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების დაპირისპირება 21:00 საათზე უმაყურებლო "დინამო არენაზე" დაიწყება და გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. აქედანვე ცნობილია, რომ წყვილში მოგებული ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში გამოვა, სადაც მეტოქეებად ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებები ეყოლება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები