Thumbnail

ზაგრების დინამოს ნახევარმცველი არიან ადემი ბოლომდე მომჯობინდა და დღეს, საქართველოსთან ევრო 2020-ზე გამსვლელი პლეი ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში იქნება.

აღნიშნული ინფორმაცია მაკედონიურ პრესაში გაჩნდა და მეტოქის ქომაგებში დიდი სიხარულიც გამოიწვია. ეს გასაგებიც არის, რადგანაც 29 წლის ადემი ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ითვლება. მას ზაგრებულ კლუბში უკვე 171 მატჩი აქვს ჩატარებული, ეროვნული გუნდის მაისურით კი 17 თამაშში 3 გოლი აქვს გატანილი.

მაკედონიელთა ერთ-ერთმა ლიდერმა ტრავმა გასულ კვირას, ხორვატიის ჩემპიონატში მორიგი მატჩის წინ, მოთელვისას მიიღო. სკოპიეში ჩასვლის შემდეგ არიანს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რამაც ტრავმის არსებობა დაადასტურა. ფეხბურთელი ეროვნულ გუნდს თბილისში მაინც ჩამოჰყვა და როგორც სჩანს, სწორიც გააკეთა. ამ სიახლის გათვალისწინებით, sportmedia.mk-მ უკვე ნაკრების სასტარტო თერთმეტეულიც შეარჩია და ამტკიცებს, რომ საქართველოსთან თამაშზე იგორ ანგელოვსკი სწორედ ამ ფეხბურთელებს გაიყვანს. აი, რას წერს აღნიშნული ვებ-გვერდი:

“თბილისიდან სუპერსიახლე მოვიდა. როგორც სჩანს, ჩვენთვის ისტორიულ მატჩში მონაწილეობას არიან ადემიც მიიღებს. იმ ინფორმაციის თანახმად, რომელიც გაგვაჩნია, ის ანგელოვსკის მიერ შერჩეულ სასტარტო შემადგენლობაში იქნება. მართალია, ადემის ტრავმა ჯერაც აწუხებს და ტკივილებიც აქვს, თუმცა, ზაგრების დინამოს კაპიტანი მზადაა, მინდორზე გავიდეს. ასე რომ, გასარკვევი აღარაფერია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ნაკრები 3-5-2 სისტემით ითამაშებს. შესაბამისად, კარში დიმიტრიევსკი დადგება, დაცვაში მუსლიუს, ბეიტულაისა და ველკოვსკის ვიხილავთ, ნახევარდაცვაში – ალიოსკი, ნიკოლოვი, ადემი, ელმასი და რისტოვსკი ითამაშებენ, შეტევაში კი – პანდევი და ნესტოროვსკი”.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების დაპირისპირება დღეს, უმაყურებლო "დინამო არენაზე" გაიმართება და გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. აქედანვე ცნობილია, რომ წყვილში მოგებული ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში გამოვა, სადაც მეტოქეებად ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებები ეყოლება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები