Thumbnail

U21 | საქართველომ კონკურენტს მოუგო და ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • U21: საქართველო 2:1 სლოვაკეთი
  • გოლები: 1:0 ფაბისი (9, საკ-კარში), 2:0 მექვაბიშვილი (78), 2:1 გონო (90)
  • საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი გამარჯვებით დაასრულა და მე-2 ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა. ვასილ მაისურაძის გუნდმა წლის ბოლო მატჩი თბილისში, სლოვაკეთის 21-წლამდე ნაკრებთან გამართა და დამაჯერებლად გაიმარჯვა.

მასპინძლები სწრაფად დაწინაურდნენ. მე-9 წუთზე გიორგი ქოჩორაშვილის აქტიურების შემდეგ, ლუკას ფაბისმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში გაიხსნა. ამის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა უკან დაიხია და მეტოქეს სახიფათო მომენტის შექმნის შესაძლებლობა პრაქტიკულად არ მისცა.

თამაშის სურათი მე-2 ტაიმშიც არ შეცვლილა, საქართველო მარტივად ახერხებდა ერთბურთიანი უპირატესობის შენარჩუნებას. 78-ე წუთზე კი შესანიშნავი კომბინაციის შემდეგ, რომელიც მარჯვენა ფლანგიდან სერგო კუხიანიძემ დაიწყო, დარცმელიამ გააგრძელა და ანზორ მექვაბშვილმა უზუსტესი დარტყმით დაასრულა.

2:0 უკვე სოლიდური უპირატესობა იყო, რადგან სლოვაკები შეტევაში საინტერესოს ვერაფერს აკეთებდნენ. სტუმრებმა კარის ჩარჩოში პირველად 90-ე წუთზე დაარტყეს და მიროსლავ გონომ გოლიც გაიტანა. მას გაუმართლა, რადგან დარტყმა არცისე სახიფათო იყო, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა არადამაჯერებლად ითამაშა.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა 10 თამაშში 15 ქულა დააგროვა (5 მოგება, 5 მარცხი), შვეიცარიასა და საფრანგეთს ჩამორჩა, ხოლო სლოვაკეთს, აზერბაიჯანსა და ლიხტანშტაინს გაასწრო.

U21: საქართველო 2:1 სლოვაკეთი

გოლები: 1:0 ფაბისი (9, საკ-კარში), 2:0 მექვაბიშვილი (78), 2:1 გონო (90)

საქართველო (3-4-3): მამარდაშვილი - ძოწენიძე (86. ძებნიაური), ბერიაშვილი, ანდრონიკაშვილი - მალი, დარცმელია, ქოჩორაშვილი (70. კუცია), მექვაბიშვილი - აზაროვი (79. ტაბატაძე), კუხიანიძე (78. სპანდერაშვილი), გულიაშვილი

სლოვაკეთი (4-3-3): პეტრაში - ფაბისი (60. ვალო), ტუმა, მესიკი, მოიზისი - ჰერჩი, გონო, სტრელეცი (87. მუნდი) - დურიში (82. ტრუშა, ალმასი (61. ოვალი), ჩობოტი (82. კმეტი)

კომენტარები

ბოლო ამბები