Thumbnail

რა სისტემითა და როგორი შემადგენლობით ითამაშებს ჩრდ. მაკედონიის ნაკრები საქართველოსთან მატჩში? ეს საკითხი აქტიურად განიხილება მაკედონიურ პრესაში, სადაც 2 ვარიანტი გვხვდება – 3-5-2 ან 4-2-3-1. ამ თემას Sportmedia.mk მიმოიხილავს და თავის ვერსიასაც გვთავაზობს.

“ჩვენთვის გადამწყვეტ მატჩამდე უკვე დღეები კი არა საათებიღა რჩება. დღეს იგორ ანგელოვსკის გუნდი თბილისში საქართველოსთან სათამაშოდ გავა და ეცდება ოცნება, რაშიც ევრო 2020-ის ფინალურ ეტაპზე გასვლა იგულისხმება, რეალობად აქციოს. ცხადია, ქომაგებს აინტერესებთ ვინ იქნებიან ის იღბლიანები, რომლებიც თამაშს სასტარტო თერთმეტეულში დაიწყებენ.

უდავოა, რომ ბარდისა და რისტევსკის გარეშე ნაკრები ძალიან დასუსტებულია, სამაგიეროდ, ბოლო წუთამდე გვექნება იმედი, რომ მინდორზე გასვლა შესძლებს არიან ადემი. ვფიქრობთ, რომ სწორედ ამ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, იგორ ანგელოვსკი 3-5-2 სისტემას გამოიყენებს თუ 4-2-3-1-ს.

ნაკრების მწვრთნელისთვის ეს ნამდვილი დილემაა. ბარდისა და რისტევსკისთან ერთად ყველაფერი გაცილებით იოლი იქნებოდა, თუმცა, დაახლოებით 5 წელია ერთი და იგივე გრძელდება. არ გვახსენდება მატჩი, რომლისთვისაც ანგელოვსკის ყველა სასურველი ფეხბურთელი მწყობრში ჰყოლოდეს. ახლაც ასეა, თუმცა, ვერაფერს ვიზამთ. მას ტაქტიკისა და განლაგების შერჩევა არსებული კოტინგენტიდან გამომდინარე მოუწევს და ამ შემადგენლობამ ევროპის ჩემპიონატზე უნდა გაგვიყვანოს.

წაიკითხე: ასე ითამაშებს მაკედონია საქართველოსთან - რა უნდა გაითვალისწინოს ვაისის გუნდმა

თუკი ნაკრები თბილისში 3-5-2 განლაგებით ითამაშებს, ცხადია, რომ უკანა ხაზში ადგილი გარანტირებული აქვთ მუსლიუსა და ველკოვსკის და გასარკვევი მხოლოდ მე-3 მცველის ვინაობა იქნება. ფლანგებზე ალიოსკი და რისტოვსკი განლაგდებიან, თუკი მწყობრში იქნა, ადემიც ნახევარდაცვაში ითამაშებს და შუა ხაზს ნიკოლოვი და ელმასიც შეავსებენ. ნათელია, რომ ერთ ფორვარდად პანდევი მოგვევლინება, მეორე კი, ალბათ, ნესტოროვსკი იქნება. თუკი ადემიმ თამაში ვერ შესძლო, მის შემცვლელად, პირველ რიგში კოსტადინოვი მოიაზრება, რომელიც ბოლო პერიოდში ნაკრებში კარგად გამოიყურება, იქვე არის სპიროვსკიც.

თუკი ჩვენი ნაკრები 4-2-3-1 სისტემით ითამაშებს, დაცვაში მუსლიუ, ველკოვსკი, ალიოსკი და რისტოვსკი დადგებიან, მათ წინ - ნიკოლოვი და ადემი (თუ არიანი არ იქნა, კოსტადინოვი ან სპიროვსკი), შეტევაში კი, ელმასი, პანდევი, ნესტოროვსკი და მათ წინ კიდევ ერთი თავდამსხმელი.
ცხადია, ეს ჩვენი ვარაუდებია, ნაკრების მთავარ მწვრთნელს კი თავისი გეგმა ექნება და არაა გამორიცხული, საერთოდაც ისეთი შემადგენლობა დააყენოს, რომელიც ყველას გაგვაოცებს. მთავარია, რომ ანგელოვსკიმ მისი ვიზავი ვლადიმრი ვაისი დაჩაგროს და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდი ევრო 2020-ზე გაიყვანოს”.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების დაპირისპირება 12 ნოემბერს, თბილისში, უმაყურებლო "დინამო არენაზე" გაიმართება და გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. აქედანვე ცნობილია, რომ წყვილში მოგებული ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში გამოვა, სადაც მეტოქეებად ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებები ეყოლება.

კომენტარები

ბოლო ამბები