Thumbnail

ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალის წინ, რომელიც დღეს თბილისურ დინამო არენაზეა დაგეგმილი, მაკედონიური პრესა ხაზგასმით წერს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ქართველები წარმატების აღნიშვნას ვერ შესძლებენ. როგორც იცით, ამის მიზეზი მთავრობის მიერ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებია.

“მატჩი ადგილობრივი დროით 21:00 საათზე იწყება, 22:00 საათზე კი ძალაში შედის კანონი, რომლიც თანახმადაც დილის 5 საათამდე ქუჩაში გამოსვლა იზღუდება. ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ წარმატებას რომც მიაღწიოს, ზეიმის საშუალება ვერავის ექნება. ქართველებმა მთავრობას დათმობაზე წასვლა და ერთდღიანი გამონაკლისის დაშვებაც კი სთხოვეს, თუმცა, უარი მიიღეს. ყველა ეს ზომა ადგილობრივი მოსახლეობის პანდემიისგან დასაცავად არის მიღებული”, - წერს Sportmedia.mk.

აღნიშნულის საპირწონედ ცნობილია, რომ სტუმართა გამარჯვების შემთხვევაში, მაკედონიაში დიდი ზეიმი იგეგმება. ქვეყანა თბილისურ მატჩს მოუთმენლად ელის და ერთგვარი “ჩელენჯიცაა” გამოცხადებული, რომელიც თამაშის დღეს ქუჩებში ეროვნული ატრიბუტიკით გადაადგილებას ითვალისწინებს. ამავდროულად, მაკედონიელთა კაპიტანმა გორან პანდევმა აღნიშნა, რომ მოგების შემთხვევაში, ნაკრები ერთგულ ქომაგს დიდ სიურპრიზს უმზადებს.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების დაპირისპირება 12 ნოემბერს, თბილისში, უმაყურებლო "დინამო არენაზე" გაიმართება და გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. აქედანვე ცნობილია, რომ წყვილში მოგებული ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში გამოვა, სადაც მეტოქეებად ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებები ეყოლება.

კომენტარები

ბოლო ამბები