Thumbnail

12 ნოემბერს ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას მასპინძლობს. ამ უმნიშვნელოვანესი დუელის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატზე გადის. 

Gol.mk-მ საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების მოთამაშე რევაზ ჭანტურიასთან ექსკლუზიური ინტერვიუ შემოგვთავაზა. 38 წლის ჭანტურია მაკედონიაში ხელბურთის ლეგენდაა, ის 2004 წლიდან თამაშობს ამ ქვეყანაში და ახლა პრილეპის წევრია. 

რევაზ ჭანტურია: "მაკედონიაში 16 წელიწადია ვარ და ყველა მაკედონიურ გუნდს ვგულშემატკივრობ სპორტის სხვადასხვა სახეობაში, მაგრამ ხუთშაბათს საქართველოს ნაკრების მხარეს ვარ, რადგან საქართველო ჩემი სამშობლოა, მაკედონია კი ჩემი მეორე სახლი. მაგრამ თუ მაკედონია გაიმარჯვებს, ესეც გამიხარდება და ევროპის ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ. 

ამაყი ვარ, რომ როცა ზომიმაკ სტუმიცაში ვთამაშობდი, გორან პანდევმა მაკედონიის ნაკრების მაისურა მაჩუქა, რომელიც ამ გუნდის ყველა თამაშზე მეცვა. პანდევი ლეგენდაა და მას ამ საჩუქრისთვის ახლაც მადლობას ვუხდი. ეს მაისურა სულ მეცვა ნაკრების თამაშებზე, მაგრამ ახლა მას მეუღლეს მივცემ, რომელიც მაკედონიელია და მე საქართველოს ნაკრების მაისურით ვუქომაგებ საქართველოს. ოჯახური კონფლიქტი რომ არ მოგვივიდეს, შვილი ირინა დააბალანსებს სიტუაციას, რომელიც ორივე ნაკრებს ერთნაირად გულშემატკივრობს.

ნორმალური სიტუაცია რომ იყოს, "დინამო არენა" გადაივსებოდა და მაკედონიას შანსი არ ექნებოდა, ახლა კი შანსი ორივე გუნდს აქვს. ორივე ნაკრებისთვის ეს ისტორიული შანსია, რომელიც აქამდე არ ჰქონდათ, თუმცა, ვიმედოვნებ, რომ მომავალში ორივეს ხშირად ექნება. საქართველოში ყველას სჯერა გამარჯვების. დაე, საუკეთესომ გაიმარჯვოს". 

ჭანტურია მაკედონიაში დაქორწინდა მის მეუღლეს ბილიანა ჰქვია. რევაზს ხუთ მაკედონიურ კლუბში უთამაშია: მეტალურგში, ვარდარში, ზომილაკ სტრუმიცაში, პელისტერსა და სტრუგაში. 

კომენტარები

ბოლო ამბები