Thumbnail

ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელი პლეი ოფის ფინალამდე უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება. თამაშის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა და მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა. სლოვაკი მწვრთნელის მთავარ კომენტარებს აქ წაიკითხავთ და მასთან ერთად, პრესკონფერენციაზე ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი იმყოფებოდა. ნახევარდაცვის ცენტრში ჯაბა კანკავას მეწყვილემ ემოციური კომენტარი გააკეთა:

ნიკა კვეკვესკირი (საქართველოს ნაკრები):

...მატჩის მნიშვნელობაზე: "ეს ყველას ოცნების თამაშია და ჩვენი განწყობა ისედაც გასაგებია. ყველას გვინდა, რომ მივაღწიოთ წარმატებას თითოეული ქართველისთვის."

...კვარაცხელიას და შენგელიას არყოფნაზე: "ძნელია, როდესაც იგებ, რომ შენი თანაგუნდელი ოცნების თამაშს გამოტოვებს და თანაც, არა საფეხბურთო ნიუანსების, არამედ იმის გამო, რაც 2020 წელს მსოფლიოში ბევრი ადამიანის უბედურების და წარუმატებლობის მიზეზი გახდა. მას ოცნების თამაშს კორონავირუსი ართმევს... რთულია, როცა შენი მეგობრის აცრემლებულ თვალებს უყურებ იმ დროს, როცა გაიგებს, რომ ოცნების თამაშს გამოტოვებს. თუმცა, ვიცოდით, რომ შეიძლებოდა ეს დანაკლისი ყოფილიყო და ამისთვის მზად ვიყავით. ამ გუნდის პლუსი ყოველთვის იყო გუნდურობა და შეკრულობა, ეს ხვალ უნდა გამოვავლინოთ. ამასთან, არამარტო ეს ორი ფეხბურთელი გვაკლია, არამედ ბევრი ფეხბურთელი, რომლებმაც აქამდე მისვლაში დიდი წვლილი შეიტანეს. თუნდაც ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი, ანანიძე, მჭედლიძე. რთულია, როცა ამდენი ფეხბურთელი გაკლდება, მაგრამ ამის კომპენსირება სწორი ფსიქოლოგიური განწყობით, გუნდური თამაშით შესაძლებელია. ვფიქრობ, რომ ამ გუნდს ეს შეუძლია."

...ფინალის ემოციებზე: "შეიძლება ითქვას, რომ ყველას ცეცხლი გვიკიდია და ერთი სული გვაქვს თამაში დაიწყოს. ფეხბურთელი ყოველთვის ნერვიულობს თამაშის წინ, მაგრამ როდესაც მოედანზე ხარ და თამაში დაიწყება, ეს ნერვიულობა ქრება. დიდ მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც დისტანციურად, სოციალური ქსელით გვამხნევებენ. ასევე მადლობა ბელარუსთან მატჩის წინ და შემდეგ იმ ლამაზი დახვედრისთვის. მინდა ვუთხრა მათ: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიმარჯვოთ და სიხარულით საქართველო დავანგრიოთ."

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების დაპირისპირება 12 ნოემბერს, თბილისში, უმაყურებლო "დინამო არენაზე" გაიმართება და გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. აქედანვე ცნობილია, რომ წყვილში მოგებული ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში გამოვა, სადაც მეტოქეებად ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებები ეყოლება.

კომენტარები

ბოლო ამბები