Thumbnail

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელი და ყოფილი მთავარი მწვრთნელი დრაგან კანატლაროვსკი საქართველოსთან მოახლოებულ მატჩს გამოეხმაურა და თანამემამულეებს გზა ემოციურად დაულოცა. ის წარმატებაში დაწრმუნებულია და ამბობს, რომ მაკედონიის ნაკრებმა გამარჯვება შუაგულ თბილისში უნდა იზეიმოს.

“27 წლის მერე იმ მატჩამდე მივედით, რომლის მოგების შემთხვევაშიც რაღაც დიდს მივაღწევთ. ამ შემთხვევაში საუბარია ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. ეს ის ოცნებაა, რისკენაც ათწლეულების განმავლობაში მივდიოდით. 1993 წელს ისტორიული პირველი მატჩი ვითამაშეთ, ამ შეხვედრამ კი ბევრი რამ შეიძლება შეცვალოს. დარწუნებული ვარ, რომ თბილისში მოვიგებთ. ბიჭებს მინდა ვუთხრა, რომ მთელი ქვეყანა მათ გვერდშია და წარმატებას უსურვებს. წარმოდგენაც კი მიჭირს რა მოხდება მაკედონიაში, თუკი ეს თამაში მოვიგეთ. ძალიან ცუდია, რომ დიდი დანაკლისი გვაქვს. ადემი და ბარდი ნახევარდაცვის მამოძრავებელი ფეხბურთელები არიან, რისტევსკი კი მარცხენა ფლანგზე შეუცვლელი მოთამაშეა, თუმცა, მჯერა, რომ ანგელოვსკი რაღაცას მოიფიქრებს. სანახაობრივ თამაშს ნამდვილად არ ველი. დიდი ბრძოლა იქნება და მთავარია მოვიგოთ, თუნდაც პენალტებში, ამას მნიშვნელობა არ აქვს. თუ თბილისში ვიმარჯვებთ, ჩვენი ფეხბურთელების გვარებს მთელი ქვეყანა გაიგებს, ისინი გმირები გახდებიან. დიახ, ახლა ჩვენი დროა, უნდა გავიხაროთ. ბიჭებო, თქვენ საუკეთესოები ხართ, გადით მოედანზე და შეუტიეთ შუა თბილისში”.

ცნობისთვის, აწ უკვე 60 წლის კანატლაროვსკიმ მონაწილეობა მიიღო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მაკედონიელთა პირველ მატჩში. ის 1993 წლის 13 ოქტომბერს სლოვენიელთა წინააღმდეგ შედგა და დრაგანმა გოლის გატანაც კი მოახერხა. საერთო ჯამში, მას ეროვნული ნაკრების მაისურით 9 მატჩში 2 გოლი უგროვდება. კანატლაროვსკი მაკედონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობას 2-ჯერ ასრულებდა – 1999-2001 და 2003-05 წლებში.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ პლეი ოფში თამაშის უფლება უეფას ერთა ლიგის D დივიონზში წარმატებული გამოსვლით მოიპოვა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა პლეი ოფის ნახევარფინალში შინ ბელარუსს მოუგო (1:0), ჩრდილოელ მაკედონიამ კი თავის მხრივ კოსოვო დაამარცხა (2:1). ცნობილია, რომ საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის ფინალურ წყვილში გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში გამოვა, სადაც მეტოქეებად ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებები ეყოლება.

კომენტარები

ბოლო ამბები