Thumbnail

ეს ალბათ ყველაზე ცუდი რამ არის, რაც შეიძლება ამ ისტორიული მატჩის წინ მომხდარიყო!

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფინალის წინ დიდი პრობლემა აქვს: ვლადიმირ ვაისის გუნდის წამყვან ფეხბურთელებს კორონავირუსი დაუდასტურდათ!

ტესტების შედეგად, დადებითი პასუხები აქვთ: ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას. ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ შემდეგი განცხადებით დაადასტურა: 

საწვრთნელ შეკრებამდე, ფეხბურთელებისთვის ჩატარებულმა COVID19-ის ტესტებმა უარყოფითი პასუხი აჩვენა და გუნდმა ვარჯიში პროტოკოლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად დაიწყო. უეფას პროტოკოლის თანახმად, ოფიციალურ მატჩამდე ორი დღით ადრე (10 ნოემბერს) როგორც ფეხბურთელების, ისე გუნდთან დაკავშირებული ოფიციალური პირების სავალადებულო ტესტირება მოხდა. აღნიშნული ტესტების შედეგი, პროტოკოლის შესაბამისად, მიეწოდება ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს.

10 ნოემბრის ტესტმა ორ ფეხბურთელზე დადებითი პასუხი აჩვენა. ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას განმეორებითი ტესტის შედეგად ვირუსი დაუდასტურდათ. ფეხბურთელები, პროტოკოლის შესაბამისად, იზოლაციაში იმყოფებიან და მომდევნო დღეებში, სამედიცინო ჯგუფის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.  

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსზე ნაკრებში თამაშამდე მეტი ტესტი აღარ ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კოვიდ-19-ის გამო გუნდს ფინალში სხვა მოთამაშე არ დააკლდება.

19 წლის კვარაცხელიას არყოფნა ეროვნული გუნდისთვის უდიდესი დანაკლისია - თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის ამ ფინალში ეროვნული გუნდის ერთ-ერთი მთავარი იმედი იყო. ხვიჩა კვარაცხელიამ სექტემბერსა და ოქტომბერში საქართველოს ნაკრებში 4 თამაში ჩაატარა, სადაც 1 გოლი გაიტანა, 1 საგოლე პასი გააკეთა და ერთხელაც პენალტი გამოიმუშავა. შეტევის მარჯვენა ფლანგისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა შენგელიაც. საქართველოს ნაკრები ამ ეტაპზე 27 ფეხბურთელის შემადგენლობით განაგრძობს.

❗️საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება !

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების დაპირისპირება 12 ნოემბერს, თბილისში, უმაყურებლო "დინამო არენაზე" გაიმართება და გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. აქედანვე ცნობილია, რომ წყვილში მოგებული ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში გამოვა, სადაც მეტოქეებად ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებები ეყოლება.

კომენტარები

ბოლო ამბები