Thumbnail

ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე ჩრდილოეთ მაკედონიას დიდი პრობლემა შეექმნა. მოახლოებულ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს მაკედონიის ნაკრებისა და ესპანური ლევანტეს შემტევი ნახევარმცველი ენის ბარდი (5 გოლი 31 მატჩში).

25 წლის ფეხბურთელი ეროვნული გუნდის შეკრებაზე გამოცხადდა, თუმცა, ჩატარებული კვლევების შედეგად, სამედიცინო პერსონალმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ მისი მინდორზე გასვლა მართებული არ იქნება. ბარდის ზურგის კუნთის ტრავმა აქვს და უახლოეს პერიოდში უკვე ვალენსიას დაუბრუნდება.

ცნობილი გახდა ისიც, რომ კორონავირუსის გამო, შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ უნგრული უიპეშტის მცველი კირე რისტევსკი და ბოსნიური სარაევოს ფორვარდი კრსტე ველკოსკი. ამ უკანასკნელს პირველი ტესტი უარყოფითი ჰქონდა, თუმცა, მეორე ჯერზე COVID 19 მასაც დაუდასტურდა. მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში ვერც ზაგრების დინამოს დინამოს ტრავმირებული ნახევარმცველი არიან ადემი მოდის, რაც მაკედონიურ პრესაში უკვე დიდ განგაშს იწვევს, ყველაზე ხშირად კი სიტყვა შოკს ახსენებენ.

აი, 2 მაგალითიც: “დიდი შოკი ანგელოვსკისთვის – ბარდი თბილისში ვერ მიდის და ესტონეთთან და სომხეთთან მატჩებსაც გამოტოვებს”, - წერს Gol.mk. მსგავსი განწყობაა Sportmedia.mk: “შოკი – თბილისში კირეს რისტევსკის, კრსტე ველკოსკის, ადემისა და ბარდის გარეშე”.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ პლეი ოფში თამაშის უფლება უეფას ერთა ლიგის D დივიონზში წარმატებული გამოსვლით მოიპოვა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა პლეი ოფის ნახევარფინალში შინ ბელარუსს მოუგო (1:0), ჩრდილოელ მაკედონიამ კი თავის მხრივ კოსოვო დაამარცხა (2:1). ცნობილია, რომ საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის ფინალურ წყვილში გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში გამოვა, სადაც მეტოქეებად ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებები ეყოლება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები