Thumbnail
  • ფლორენციელთა თავკაცს კლუბში მისი ლეგენდარული ფორვარდის მიწვევა სურს
  • პრანდელის აზრით, ბატიგოლი გუნდის ფეხბურთელებს მოტივაციას აუმაღლებს 

ფიორენტინას ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ განაცხადა, რომ თავის სამწვრთნელო შტაბში "იების" ლეგენდარული ფორვარდის, გაბრიელ ომარ ბატისტუტას მიწვევა სურს. 

"ბატისტუტას მოგვიანებით დაველაპარაკები. მას ჩვენთვის ბევრის მოცემა შეუძლია. მასთან მუშაობით ფეხბურთელების მოტივაცია ამაღლდება. ამწუთას ეს შეუძლებელია, მაგრამ ახლო მომავალში მის დაბრუნებაზე საუბარი შესაძლებელია", - აქვეყნებს პრანდელის სიტყვებს იტალიური მედია.

ფლორენციულ კლუბს შესაძლოა ახლო მომავალში ლეგენდა დაუბრუნდეს

გაბრიელ ბატისტუტა ფიორენტინას ღირსებას 1991-2000 წლებში იცავდა და ფლორენციული კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. არგენტინელმა კარიერა ნიუელს ოლდ ბოიზში დაიწყო, რის შემდეგაც ფიორენტინას გარდა, რივერ პლეიტში, ბოკა ხუნიორსში, რომასა და ინტერშიც ითამაშა, მისი ბოლო კლუბი კი ყატარული ალ არაბი იყო.

"ბატიგოლმა", რომელიც არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას 1991-2002 წლებში იცავდა, ფეხბურთელის კარიერა 2005 წელს დაასრულა. ცოტა ხნის წინ 51 წლის ბატისტუტამ კოჭში პროთეზი გაიკეთა.

ლეო მესის გამოჩენამდე, ბატიგოლი ალბესელესტეს საუკეთესო ბომბარდირი იყო

ჩეზარე პრანდელიმ ფიორენტინას მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ჯუზეპე იაკინის წასვლის შემდეგ დაიკავა. სერია A-ში გასული 7 ტურის შემდეგ, ფლორენციელებს 8 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილს იკავებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები