Thumbnail

12 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები მის ისტორიაში უმთავრეს მატჩს ატარებს, ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს ხვდება. ამ წყვილის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატზე გადის.

📋 UPDATE:

ორი დღეა, რაც ვლადიმირ ვაისის გუნდი ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე ემზადება. თუ პირველ დღეს 22-მა ფეხბურთელმა ივარჯიშა, 10 ნოემბერს მათ ნაკრებში გამოძახებული კიდევ 7 ფეხბურთელი უნდა დამატებოდა. სფფ-ს გამოქვეყნებულ ფოტოგალერეაში სავარჯიშო პროცესზე არ ჩანს ნაკრების 19 წლის ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია. ჩვენი ინფორმაციით, მას გუნდთან ერთად ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტის ინფორმაციით: "ეროვნული გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი შეხვედრისთვის ინდივიდუალური პროგრამით ემზადება". კერძოდ, კვარაცხელიასთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებენ. ხვიჩა, რომელსაც ყაზანის რუბინში შესანიშნავი სეზონი აქვს, მზადების პირველ დღეს გუნდთან ერთად ვარჯიშობდა.

ეჭვს ის ფაქტიც აღრმავებს, რომ 9 ნოემბერს რუბინის დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა განაცხადა, რომ ხვიჩა ბოლო დროს ტრავმირებული თამაშობდა. "ის ახალგაზრდაა და მუდმივად მაღალ დონეზე ჯერ ვერ ითამაშებს. თანაც, ბოლო შეხვედრები მან ტრავმებით ჩაატარა. ის საქართველოს ნაკრებიდან კოჭის ტრავმით ჩამოვიდა და ნემსებით თამაშობდა. ამ მდგომაროებიდან გამოვიყვანეთ, მაგრამ შემდეგ თავი ზურგის პრობლემამ იჩინა. ხვიჩა დიდი ტკივილებით თამაშობს და ამ მხრივ ის გმირია. ის ფაქტობრივად საწვრთნელ პროცესშიც ვერ იღებდა მონაწილეობას და გათავისუფლებული იყო. უფლის წყალობით, გამოვაკეთებთ და ყველაფერი კარგად იქნება", - განაცხადა რუსული კლუბის გენერალურმა დირექტორმა. ამასთან, ზოგიერთი მაკედონიური წყარო წერს, რომ კვარაცხელიამ შესაძლოა, მათ გუნდთან ვერ ითამაშოს.

ახალგაზრდული ასაკისა და მწირი სანაკრებო გამოცდილების მიუხედავად (5 თამაში, 1 გოლი) ხვიჩა კვარაცხელია ეროვნული გუნდის ერთ-ერთ მთავარ ლიდერად ჩამოყალიბდა წლევანდელი ერთა ლიგისა და ევრო 2020-ის პლეი ოფის მატჩებში. იმედია, პრობლემა სერიოზული არ არის და შემტევი ნახევარმცველი გადამწყვეტ თამაშში შეძლებს მონაწილეობის მიღებას. 11 ნოემბერს ვაისის ნაკრები უკვე "დინამო არენაზე" ჩაატარებს მატჩისწინა ვარჯიშს. 

კომენტარები

ბოლო ამბები