Thumbnail

12 ნოემბერს საქართველოს ნაკრებს ისტორიული მატჩი აქვს - ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი ოფის ფინალი ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან. უმნიშვნელოვანეს თამაშს ერთა ლიგის დასკვნითი თამაშები მოყვება - სომხეთთან და ესტონეთთან.

ვლადიმირ ვაისმა გუნდში ვოლგოგრადის როტორის ფორვარდი ბექა მიქელთაძე გამოიძახა, რომლისთვისაც ეს ეროვნულ ნაკრებში თავის გამოჩენის პირველი შანსია. პოპსპორტი ქვეყნის პირველი გუნდის დებიუტანტს ნაკრებში ყოფნის პირველი შთაბეჭდილებების, აგრეთვე მატჩთან დაკავშირებული მოლოდინების გასაგებად დაუკავშირდა.

POPSPORT: რამდენად ელოდი ნაკრებში გამოძახებას და როგორ შეხვდი ამ ამბავს?

ბექა მიქელთაძე: რომ ვთქვა, გამოძახებას ველოდი-მეთქი, მართალი არ იქნება. ფეხბურთელს ყოველთვის აქვს ნაკრებში თამაშის სურვილი. ამიტომ, ვაისს შანსის მოცემისთვის დიდი მადლობა მინდა ვუთხრა. ვემზადები ისტორიული მატჩისთვის. იმედი მაქვს, 12-ში ყველაფერი კარგად დასრულდება და გამარჯვებას მთელი საქართველო ერთად ვიზეიმებთ.

ზურიკო დავითაშვილი, ბექა მიქელთაძე, ჯიმი ტაბიძე და ხვიჩა კვარაცხელია
📸 | საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

POPSPORT: ქვეყნის პირველ გუნდში პირველ დღეებზე რას იტყვი? რა განსხვავებაა კლუბში არსებულ საწვრთნელ პროცესს და ნაკრებში მიმდინარე ვარჯიშებს შორის?

მიქელთაძე: პირველი ვარჯიში უკვე გვქონდა. ჯერ სრული შემადგენლობა შეკრებილი არაა. მომდევნო დღეებში უკვე ყველანი ერთად ვიქნებით. ეროვნულ გუნდში პასუხისმგებლობა გაცილებით უფრო მეტია. განსხვავებაა მოთამაშეების დონეებში, ყველაფერი უფრო სწრაფად ხდება. საწვრთნელი პროცესის თითოეულ ელემენტთან სხვაგვარი დამოკიდებულებაა. კლუბი, კლუბია, მაგრამ ეროვნული გუნდი სხვაგვარი მოტივაციაა.

POPSPORT: რამდენად უარყოფითად შიძლება იმოქმედოს იმ ფაქტმა, რომ მატჩზე მაყურებელი არ იქნება?

მიქელთაძე: უმაყურებლოდ თამაში ფეხბურთელისთვის ძალიან ცუდია. სავსე სტადიონი, რა თქმა უნდა, სულ სხვა ამბავი იქნებოდა. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს ფაქტი იმდენად უარყოფით გავლენას არ მოახდენს, რომ ეს საბოლოო შედეგზე აისახოს.

საქართველოს ნაკრები ნოემბრის მატჩებისთვის ორშაბათიდან ემზადება
📸 | საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ყველას გვაქვს გაცნობიერებული, რომ ისტორიული მატჩია და ამ ერთადერთი თამაშის მოგებით ევროპის ჩემპიონატზე გავდივართ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დამოკიდებულება მაყურებლების არყოფნის მომენტს გადაფარავს და შედეგიც დადებითი იქნება.

📌 ბექა მიქელთაძემ კარიერა ზესტაფონში დაიწყო, თუმცა მალევე დინამო თბილისის ფეხბურთელი გახდა. მისთვის საუკეთესო 2017 წელი იყო, როდესაც თბილისური კლუბის რიგებში ჩატარებულ 35 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა და მაშინ, როდესაც ბევრი მის გადასვლას უფრო ძლიერ კლუბში ელოდა, მიქელთაძე მოულოდნელად რუსთავში აღმოჩნდა, საიდანაც იგი ჯერ კვიპროსულ ანორთოსისში, ხოლო შემდეგ კი ყაზანის რუბინში გადავიდა. საქართველოს ნაკრების დებიუტანტი დღესაც ყაზანურ კლუბს ეკუთვნის, მაგრამ განათხოვრების წესით ვოლგოგრადის როტორში თამაშობს. მიქელთაძე ჩვენი ქვეყნის ასაკობრივი ნაკრებების წევრი იყო. 2019 წლის 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩატარებულ 10 მატჩში მან 4 გოლი გაიტანა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები