Thumbnail
  • 📅 14 ნოემბერი | ⌚ 19:00 | 🏉 ინგლისი V საქართველო | 📺 TV იმედი
  • ედი ჯონსი 'ბორჯღალოსნებთან' თამამ ექსპერიმენტს აპირებს

14 ნოემბერს ექვსი ერის ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული ახალი ტურნირის, "შემოდგომის ერთა თასის" პირველ ტურში ინგლისის ნაკრები რაგბის მექა "თვიქნემზე" საქართველოს ნაკრებს უმასპინძლებს. ეს მატჩი სარაგბო სამყაროს ყურადღების ცენტრში ინგლისელთა თავკაცის, ავსტრალიელი ედი ჯონსის განცხადების შემდეგ მოექცა.

ედი ჯონსი არ გამორიცხავს, რომ "ბორჯღალოსნებთან" მატჩში თამამი ექსპერიმენტი შემოგვთავაზოს. გავიხსენოთ რა თქვა მან რამდენიმე დღის წინათ:

ედი ჯონსი (ინგლისის ნაკრების მწვრთნელი): "ქართველები ჭიდაობის ფუძემდებლებად ითვლებიან. ისინი ნამდვილი ვაჟკაცები არიან, რომლებიც ჩინებულ ფიზიკურ ფორმაში იმყოფებიან. მსოფლიოს TOP 15-ში სწორედ შერკინებაში დომინირებით მოხვდნენ. ისინი ფორვარდებით ძალიან ხისტად თამაშობენ. ამჯერადაც, მათგან ამას ველით. მახსოვს, როდესაც 2015 წლის მსოფლიო თასის წინ, საქართველოს იაპონიის ნაკრები დაუპირისპირდა, მათ წინააღმდეგ 9 ფორვარდი და 6 ბექი გავიყვანეთ, აი, ასეთი ძლიერები იყვნენ და ეს კარგად მახსოვს. ახლა, ალბათ, იგივეს გავაკეთებ. ოლი ტორლი, ბენ ირლი... კიდევ არიან ბიჭები, რომელთაც ამის გამოცდილება აქვთ. ტრადიციულად, შემადგენლობაში 8 ფორვარდი და 7 ბექია ხოლმე, თუმცა, არავის დაუშლია, რომ ჰიბრიდული ფლაი-ჰავითა და ფლანკერით ვითამაშოთ. ამ იდეას სერიოზულად ვუყურებთ. შესაძლოა, საქართველოსთან სწორედ ის მატჩი იყოს, როდესაც სხვაგვარად უნდა ვითამაშოთ".

ამ თემას პირველი "ბორჯღალოსნების" კაპიტანი მერაბ შარიქაძე პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა. 

მერაბ შარიქაძე (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): "ასეთი შემთხვევა 2015 წლის მსოფლიო თასის წინ გვქონდა, როდესაც იაპონიას ვეთამაშეთ. მაშინ მათ ერთ გარემარბად შერკინების მოთამაშე ეყენათ, თუმცა სიმართლე გითხრათ, დიდად არაფერი შეცვლილა. არის შემთხვევები, მოედანზე ისეთი გარემარბი შეგხვდება, რომელიც ფიზიკური მონაცემებით არაფრით ჩამოუვარდება მორკინალს. შეიძლება თვითონ იმ გუნდისთვის ასეთი გადაადგილება რამეს ცვლის, მაგრამ არა - მოწინააღმდეგისთვის".

ედი ჯონსის განცხადება მედიის ყურადღების ცენტრში რჩება. ავსტრალიური FOX SPORTS წერს: "ჯონსი ტესტ-მატჩში რადიკალურ ტაქტიკურ ცვლილებას გეგმავს, რომელმაც შესაძლოა, რაგბის სამყარო შეარყიოს. ინგლისელთა თავკაცი "შემოდგომის ერთა თასზე" საქართველოს წინააღმდეგ 9 მორკინალით და 6 ბეკით აპირებს თამაშის დაწყებას. მოკლედ, კეთილი იყოს "ჰიბრიდული" მოთამაშეების დაბადება რაგბიში".

როგორც ხედავთ, ედი ჯონსმა ეს პირველად არ განახორციელა და მაშინაც საქართველოს წინააღმდეგ ითამაშა ამ უცნაური ტაქტიკით - 2015 წლის მსოფლიოს თასის წინ ტესტში მაშინ იაპონელთა თავკაცმა ჯონსმა ნომერი 8 ჰენდრიკ ტუი ფლანგზე ათამაშა. ის მატჩი იაპონიამ 13:10 მოიგო. 

უკვე ცნობილია, თუ ვინ ითამაშებს ექსპერიმენტულ პოზიციაზე - ინგლისელმა ჟურნალისტებმა შენიშნეს, რომ ოლი ტორლი ვარჯიშებზე ფლანკერის პოზიციაზე თამაშს ხვეწდა. ეს ცოტა უცნაურია, გამოდის, რომ ინგლისი 6 კი არა 8 ბეკით ითამაშებს საქართველოსთან მატჩში. ჟურნალისტებს სხვა უცნაური გადაადგილება პოზიციებზე ლენსბერის ბაზაზე, სადაც ინგლისის ნაკრები ვარჯიშობს, არ შეუმჩნევიათ. ჰიბრიდული მოთამაშე ნიშნავს ისეთ მორაგბეს, რომელსაც თანაბარი წარმატებით შეუძლია თამაში, როგორც შერკინებაში, ისე ხაზზე. 

ჟურნალისტების აზრით, ორი მოთამაშე, რომელთაგანაც ერთ-ერთმა შესაძლოა, ექსპერიმენტულ პოზიციაზე ვიხილოთ, ჯეკ ნოველი და ბენ ირლია. "ტელეგრაფთან" ინტერვიუში ინგლისისა და ირლანდიის ნაკრებების ყოფილი თავკაცი ბრაიან ეშტონი მხარს უჭერს ედი ჯონსის ექსპერიმენტს: "მე ყოველთვის მინდოდა მენახა, მრავალფეროვანი და არა დაშტამპული გუნდები. ედი მართალია. რატომ არ შეიძლება ცრუ "ათიანით" ან ცრუ ფრთით თამაში, ან მოიგონო ახალი პოზიცია? რატომაც არა!"

"ტელლეგრაფი" ჯონსის გადაწყვეტილებას პეპ გვარდიოლას მიერ არჩეულ "ცრუ ცხრიანის" ტაქტიკას ადარებს. როცა გუნდში ლეო მესია, ტრადიციული ცენტრფორვარდის საჭიროება აღარ არის.  

კომენტარები

ბოლო ამბები