Thumbnail

12 ნოემბერს, თბილისში, უმაყურებლო "დინამო არენაზე" საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები ისტორიული შანსისთვის იბრძოლებენ - გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე პირველად მოხვდება.

ბუნებრივია, მატჩის მიმართ უდიდესი ინტერესია ჩრდილოეთ მაკედონიაშიც. ადგილობრივი მედია ეროვნული გუნდის ლიდერის გორან პანდევის საინტერესო სტატისტიკას აქვეყნებს და იმედოვნებს, რომ სერია A-ს ჯენოას ვეტერანი თავდამსხმელი გატანას "დინამო არენაზეც" მოახერხებს.

მაკედონიელებს სჯერათ, რომ პანდევის გოლი ფინალის მოგების გარანტი იქნება და აი, რატომ:

37 წლის გორან პანდევს, რომელიც იტალიის ჩემპიონატში 2001 წლიდან თამაშობს და სხვადასხვა დროს ლაციოში, მილანის ინტერსა და ნაპოლიშიც გამოდიოდა, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მაისურით დღემდე 35 გოლი აქვს გატანილი. 2009 წლიდან მოყოლებული კი, პანდევს გოლი (გოლები) 15 სანაკრებო მატჩში აქვს გატანილი და მაკედონიელებს არცერთ მათგანში წაუგიათ -  13 მოგება, 2 ფრე.

გორან პანდევის წინააღმდეგ სერია A-ში არაერთხელ უთამაშია კახა კალაძეს

ცნობისთვის, მაკედონიელთა კაპიტანმა საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ორჯერ უკვე ითამაშა - ჯერ თბილისში, შემდეგ სკოპიეში. უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით, ფრედ 1:1 დასრულდა და პანდევს გოლი არცერთ მათგანში გაუტანია (პირველ შეხვედრაში მხოლოდ საგოლე პასით გამოირჩა). 

ჩვენ კი იმედი ვიქონიოთ, რომ გორანი საქართველოს ნაკრების კარში გატანას ვერც ამჯერად შეძლებს და თუ მაინც მოახერხებს, მაკედონიელთა ნაკრებისა და მისი კაპიტნის სერია შეწყდება, ევროპის ჩემპიონატზე კი საქართველო ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები