Thumbnail

განაჩენი მსაჯზე თავდასხმისთვის - რაგბი ევროპამ ესპანელი მორაგბეები დასაჯა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რაგბი ევროპამ ბელგია-ესპანეთის მატჩში მომხდარ ინციდენტებზე გადაწყვეტილება მიიღო
  • ესპანეთის ნაკრების ხუთ მორაგბეს დისკალიფიკაცია სხვადასხვა ვადით მისცეს

რაგბი ევროპამ (Rugby Europe) ესპანეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ხუთი მოთამაშე დისკვალიფიკაციით დასაჯა, რისი მიზეზიც მორაგბეთა მიერ ბელგიასთან მატჩში არბიტრზე განხორციელებული თავდასხმაა.

► ჩხუბი ბელგიისა და ესპანეთის მატჩში - დაპირისპირება მსაჯთან

რაგბი ევროპის ჩემპიონატის შეხვედრა 18 მარტს, ბრიუსელში გაიმართა და ესპანეთის ნაკრების დამარცხებით დასრულდა - 10:18. შედეგად, 2019 წლის მსოფლიოს თასის პირდაპირი საგზური რუმინეთის ნაკრებს ერგო, რომელმაც ტურნირის ბოლო მატჩი "ბორჯღალოსნებთან" დათმო და ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა. მესამე ადგილზე გასულმა ესპანეთმა კი, წესით, იაპონიის საგზურისთვის საკვალიფიკაციო ტურნირში უნდა იბრძოლოს.

ბელგია-ესპანეთის სკანდალურ მატჩს რუმინელ მსაჯთა ბრიგადა, ვლად იორდაჩესკუს ხელმძღვანელობით სჯიდა. ესპანელები თამაშამდე ითხოვდნენ "მატჩის შედეგით დაინტერესებული" რუმინელი მსაჯის შეცვლას, მაგრამ უარი მიიღეს. შეხვედრის საფინალო სასტვენის შემდეგ კი დამარცხებულმა მორაგბეებმა არბიტრზე გაიწიეს.

სხვათა შორის, რომ მსოფლიო რაგბის (World rugby) აღმასკომი ამ მატჩის გადათამაშების მომხრე იყო. 

რაგბი ევროპამ, რომლის პრეზიდენტი რუმინელი ოქტავიან მორარიუა, ესპანეთის ნაკრების მორაგბეებს - სებასტიენ და გილემ როუებს, მსაჯზე "ფიზიკური ძალადობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის", დისკვალიფიკაცია შესაბამისად 43 და 36 კვირით მიუსაჯა, ხოლო პიერე ბერტერე, ლუკას გილემე და მატიე ბელე არბიტრისადმი "მუქარის ქმედება/გამონათქვამის" გამო რაგბის 14 კვირით ჩამოაშორა. 

დისკვალიფიკაცია ვრცელდება როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო ტურნირებზე. მოთამაშეებს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება 7 დღის განმავლობაში აქვთ.  

მსაჯზე თავდასხმა ერთადერთი სკანდალი არაა, რომელიც რაგბი ევროპის ბოლო ჩემპიონატს უკავშირდება. დისკვალიფიკაცია ემუქრება ტურნირის მონაწილე 6 ქვეყნიდან სამს: რუმინეთს, ესპანეთსა და ბელგიას და სამივე შემთხვევაში მიზეზი მორაგბეთა არასწორი ნატურალიზაციაა. 

► რაგბი ევროპის სკანდალის ახალი ეტაპი | ესპანეთიც შარშია!

► სკანდალი რაგბიში გრძელდება | რუსეთი ჩივის, საქართველოს ტიტულის შანსი აქვს

კომენტარები

ბოლო ამბები