Thumbnail

1 მატჩის მოგება და საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. მას შემდეგ, რაც ეროვნული ნაკრები შეიქმნა, ყველა ამაზე ვოცნებობთ. ასეთ ფინალზე და მის მოგებაზე!

ეს არ არის მხოლოდ საფეხბურთო ან სპორტული მატჩი, ეს არის ბრძოლა, რომელიც სპორტის ფარგლებს სცდება. საქართველოსთვისაც და ჩრდილოეთ მაკედონიისთვისაც - ორივე გუნდს უნიკალური შანსი აქვს, რომ ისტორია შექმნას.

Update: სამწუხაროდ, მატჩამდე ერთი დღით ადრე, ნაკრების ერთ-ერთ მთავარ იმედს, ხვიჩა კვარაცხელიას კორონავირუსი დაუდასტურდა და ისტორიულ ფინალს გამოტოვებს. მასთან ერთად, კოვიდ-19 დაუდგინდა კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან მოთამაშე - ლევან შენგელიას.

ყველაფერს ერთი მატჩი, 90 ან 120 წუთი გაარკვევს, 12 ნოემბერს, "დინამო არენაზე" გამარჯვებული აუცილებლად გამოვლინდება. ორივე გუნდმა ჯერ კიდევ 2018 წლის ნოემბერში, ზუსტად 2 წლის წინ იცოდა, რომ ევრო 2020 ძალიან ახლოს იყო. ერთი თვის წინ კი ნახევარფინალური მატჩები ორივემ შინ მოიგო და გადამწყვეტ თამაშში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

საქართველოს ნაკრები მასპინძელია, რადგან წილისყრის შედეგად ბედმა გაგვიღიმა, მაგრამ ბედის ირონიით, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიის მთავარი თამაში ცარიელი ტრიბუნების ფონზე გაიმართება. იყო შანსი, რომ უეფას დაწესებული ლიმიტით - სტადიონის ტევადობის 30%-ით გვესარგებლა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ამ ლიმიტზე უარი თქვა. ისევე, როგორც ერთი თვის წინ ბელარუსის ნაკრებთან ნახევარფინალში. გადავსებული "დინამო არენა" სხვა განწყობა, სხვა ემოცია და სხვა მუხტი იქნებოდა.

საქართველოს ნაკრებმა მზადება ორშაბათს დაიწყო
📷 | GFF.GE

საქართველოს ნაკრები და ჩრდილოეთ მაკედონია ერთმანეთს აქამდე საერთოდ არ იცნობდნენ. ქვეყნის მთავარ გუნდის გზა მაკედონიასთან 2020 წლის შემოდგომამდე არასდროს გადაკვეთილა. ახლა კი უკვე ზედიზედ მესამე თვეა, ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან მესამედ უწევს თამაში. წინა ორი სექტემბერსა და ოქტომბერში, ერთა ლიგის C დივიზიონში შედგა.

თბილისში თორნიკე ოქრიაშვილის პენალტს შტეფან რისტოვსკიმ უპასუხა და მეტი გოლი აღარ გასულა. სკოპიეში კი საქართველოს ნაკრებს მართლა ძალიან ცოტა დააკლდა მოგებამდე. ხვიჩა კვარაცხელიას მაგარ გოლს ეზგიან ალიოსკიმ საეჭვო პენალტით მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში უპასუხა. ნიშანდობლივია, რომ მაკედონიის ნაკრებმა ორივე მატჩი კაცნაკლულმა დაასრულა. თბილისში ვისარ მუსლიუ გააძევეს, სკოპიეში - სტოლე დიმიტრიევსკი. ორივე სამართლიანად.

📺 საქართველო 1:1 ჩრდ. მაკედონია

ვლადიმირ ვაისმა 29 ფეხბურთელი გამოიძახა. როგორც მოსალოდნელი იყო, სლოვაკ სპეციალისტს ექსპერიმენტებისთვის არ მიუმართავს, ნაცად შემადგენლობას უხმო და დებიუტანტი მხოლოდ ერთია - ბექა მიქელთაძე, რომელიც როტორში თამაშობს. ვაისმა ისევ სანაკრებო სიის მიღმა დატოვა ბუდუ ზივზივაძე. ამასთან, ერთწლიანი პაუზის შემდეგ გუნდშია გიორგი პაპუნაშვილი. სარაგოსას შემტევს სათამაშო პრაქტიკის დეფიციტი აქვს, მაგრამ მისი გამოძახება მიანიშნებს, რომ ვაისმა შეტევის მარჯვენა ფლანგი გააძლიერა, სადაც ბოლო მატჩებში ხვიჩა კვარაცხელია თამაშობდა, მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა რუბინში საპირისპირო ფლანგიდან უტევს.

გორან პანდევი გუნდთან ერთად ემზადება

მეტოქის ბანაკში იგორ ანგელოვსკიმ დანაპირები შეასრულა და ის ფეხბურთელები მიიწვია, რომლებმაც მაკედონიის ნაკრები აქამდე მოიყვანეს. სხვათა შორის, მან მხოლოდ 23 ფეხბურთელი გამოიძახა და აქედან 4 მეკარე. გუნდს ერთი მეკარე, დანიელ ბოჟინოვსკი კორონავირუსის გამო გამოაკლდა, მაგრამ ეს სერიოზული დანაკლისი არ არის - მეოთხე კიპერად განიხილებოდა. ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა ელიფ ელმასი, რომელიც ოქტომბერში გუნდში არ იყო, რადგან კორონავირუსი ჰქონდა.

მაკედონიელთათვის რაც მთავარია: ნაკრებთან ერთადაა გორან პანდევი, რომელიც შეიძლებოდა შეკრებაზე ვერ ჩასულიყო. იტალიაში ადგილობრივმა ჯანდაცვის ორგანოებმა იმ კლუბებიდან, რომლებშიც ბოლო კვირაში კორონავირუსი დაფიქსირდა, ფეხბურთელებს სანაკრებო შეკრებაზე წასვლა აუკრძალეს. თუმცა, ბოლო მომენტში ჯენოას მოთამაშეებს ეს უფლება მაინც მისცეს და პანდევიც ისტორიულ თამაშში მეტოქეს მოედანზე კაპიტნის სამკლავურით წარუძღვება.

წაიკითხე ასე ითამაშებს მაკედონია საქართველოსთან - რა უნდა გაითვალისწინოს ვაისის გუნდმა

მატჩისთვის მზადება საქართველომაც და მაკედონიამაც ორშაბათს დაიწყეს. ორივე გუნდში ტრავმები არავის აწუხებს და მთავარი მწვრთნელების განკარგულებაში მათ მიერვე შერჩეული, სასურველი კონტიგენტია.

საინტერესო ფაქტები

⚽ საქართველოს ჩრდილოეთ მაკედონიასთან სექტემბრამდე არასდროს ჰქონდა ნათამაშები. პირველად ეს 8 სექტემბერს მოხდა. 2020 წლის შემოდგომის სამივე თვეში გუნდების გზა თითოჯერ გადაიკვეთა.

⚽ საქართველოს ეროვნული ნაკრები ბოლო 5 თამაშია არ დამარცხებულა (2 მოგება, 3 ფრე).

⚽ კონკრეტულად თბილისში საქართელოს ნაკრებს ბოლო 18 თამაშიდან მხოლოდ 2 აქვს წაგებული (უელსთან და შვეიცარიასთან). ამ პერიოდში ქვეყნის პირველმა გუნდმა 11 საშინაო მატჩი მოიგო და 5-ჯერ ფრე ითამაშა.

⚽ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (3 მოგება, 3 ფრე). კონკრეტულად სტუმრად ბოლო 4 თამაში არ მოუგია (2 ფრე, 2 წაგება).

⚽ მაკედონიელებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ეგიდით გამართული ბოლო 10 თამაშიდან 6 წაგებული აქვთ.

⚽ საქართველოს ნაკრების ბოლო 10 თამაშში მხოლოდ 4-ჯერ გავიდა 2.5-ზე მეტი გოლი და 6-ჯერ გაიტანა ორივე გუნდმა.

⚽ ჩრდილოეთ მაკედონიის ბოლო 10 თამაშში 2.5-ზე მეტი გოლი 5-ჯერ გავიდა. სამაგიეროდ, 8-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ მაკედონიელებმა საკუთარი კარი მშრალად ბოლოს 2019 წლის 19 ნოემბერს შეინახეს (ისრაელთან 1:0).

⚽ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებმა 2018-2019 წლების სეზონის ერთა ლიგაზე თავიანთი ჯგუფები მოიგეს. საქართველო პორტუგალიასთან ერთად არის ნაკრები, რომელიც უეფას ამ ახალ ტურნირზე არასდროს დამარცხებულა (6 მოგება, 4 ფრე).

⚽ საქართველოს ყველაზე დიდი იმედი ამ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიაა. ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ლიდერი კი გორან პანდევია. კვარაცხელია იმ წელს დაიბადა, როდესაც პანდევს ნაკრებში დებიუტი ჰქონდა - 2001 წელი.

⚽ საქართველოს ნაკრების ბოლო ოთხ თამაშში პენალტი დაინიშნა (2-ჯერ სასარგებლოდ, ორჯერაც საწინააღმდეგოდ). პენალტები იყო მაკედონიელებთან წინა ორ შეხვედრაშიც - სექტემბერში სასარგებლოდ, ოქტომბერში - საწინააღმდეგოდ.

⚽ 2020 წელს არცერთ ნაკრებს მარცხი არ განუცდია. ორივე გუნდმა 5-5 მატჩიდან 2-2 მოიგო და სამ-სამჯერ ფრე ითამაშა.

⚽ ვლადიმირ ვაისს მწვრთნელის რანგში მაკედონიასთან დაპირისპირება ოთხჯერ მოუწია და არცერთხელ დამარცხებულა - 1 მოგება, 3 ფრე (ორჯერ საქართველოს ნაკრებით 1:1, 1:1 და ორჯერაც სლოვაკეთის თავკაცის სტატუსით - 1:0, 1:1).

⚽ თორნიკე ოქრიაშვილს საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ ბოლო სამ თამაშში მოედანი უგოლოდ არ დაუტოვებია.

⚽ საქართველო ფიფას რეიტინგში 86-ე ადგილზეა. საუკეთესო პოზიცია 1998 წლის სექტემბერში ეკავა, 42-ე ადგილი, ხოლო ყველაზე დაბალი რეიტინგი 1994 წლის მარტში ჰქონდა - 156-ე პოზიცია.

⚽ ჩრდ. მაკედონია ფიფას რეიტინგში ამჟამად 65-ე ადგილზეა. ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელი კი 2008 წლის ოქტომბერში ჰქონდა, როდესაც სრეჩკო კატანეცის გაწვრთნილმა გუნდმა 46-ე ადგილს მიაღწია. ყველაზე დაბალი რეიტინგი კი 2017 წლის მარტში ჰქონდათ - 166-ე ადგილი.

⚽ ჯაბა ჯიღაური ჩრდილოეთ მაკედონიის საუკეთესო კლუბ სკოპიეს ვარდარში 2017/18 წლების სეზონში თამაშობდა. მისი თანაგუნდელები იყვნენ ვისარ მუსლიუ, ბობან ნიკოლოვი და დარკო ველკოვსკი, რომლებიც ამჟამად მაკედონიის ნაკრებში არიან გამოძახებულნი.

⚽ საქართველოსა და მაკედონიის ნაკრებებს არასდროს უთამაშიათ როგორც დამატებითი დრო, ისე პენალტების სერია.

⚽ გამარჯვებული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე С ჯგუფში ითამაშებს, ავსტრიის, ნიდერლანდებისა და უკრაინის ნაკრებებთან ერთად.

კომენტარები

ბოლო ამბები