Thumbnail

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების თავდამსხმელმა ილია ნესტოროვსკიმ საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. 30 წლის ფეხბურთელის განცხადებით, გამარჯვებისთვის მაქსიმუმს გააკეთებს, რადგანაც მისი ნაკრები ამ ყველაფრისთვის წლების განმავლობაში იბრძოდა.

ილია ნესტოროვსკი: "როგორც იქნა, მოვიდა ჩვენი ისტორიული შეკრების დრო და მზადებას ვიწყებთ. ამისთვის 4-5 წელი ვიბრძოდით და ახლა, დროა მოვემზადოთ მაკედონიის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩისთვის. მე და მთელი ეროვნული გუნდი გპირდებით, რომ მიზნის მისაღწევად მაქსიმუმს გავაკეთებთ. ეს თამაში სრულიად განსხვავდება წინა მატჩებისგან. გამარჯვების სურვილი გადაწყვეტს ყველაფერს. ვიცით რა არის ქართველების დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაგრამ ამ დღეებში ყველაფერს კიდევ ერთხელ გავაანალიზებთ. გუნდში პოზიტიური განწყობაა. წნეხს ვერ ვგრძნობთ, ამაყად წარმოვადგენთ მაკედონიას და იმედი მაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავალთ".

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების დაპირისპირება 12 ნოემბერს, თბილისში, უმაყურებლო "დინამო არენაზე" გაიმართება და გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. აქედანვე ცნობილია, რომ წყვილში მოგებული ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში გამოვა, სადაც მეტოქეებად ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებები ეყოლება.

კომენტარები

ბოლო ამბები