Thumbnail
  • დანიაში მუტაციაგანცდილი კორონავირუსი აღმოაჩინეს
  • რამდენიმე ნაკრებისთვის ეს სერიოზული პრობლემაა

დანიაში კორონავირუსმა მუტაცია განიცადა და წაულებიდან ისევ ადამიანებზე გადავიდა - ამის გამო იქ მილიონობით წაულას ანადგურებენ, რამდენიმე საფეხბურთო ნაკრებს კი პრობლემა ექმნება. ბრიტანეთის მთავრობამ ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვები დააწესა, დანიისა და შვედეთის ნაკრებ გუნდებთა მატჩი კი ოთხშაბათს პრემიერლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების გარეშე გაიმართება. ამავდროულად, ინგლისისა და ისლანდიის მატჩს საერთოდ გადადების საფრთხე ემუქრება.

შაბათს, ბრიტანეთის საელჩომ ქვეყანაში შესვლა ყველა არაბრიტანელს აუკრძალა, რომლებიც დანიიდან აპირებდნენ საზღვრის გადალახვას. ბრიტანეთის მოქალაქეები და ვიზის მფლობელები კი, რომლებიც დანიიდან  დაბრუნდებიან, ოჯახის ყველა წევრთან ერთად 14-დღიან კარანტინში მოხვდებიან. ეს კანონი უკვე ამოქმედდა და მხოლოდ ერთ კვირაში გადაიხედება.

შვედეთისა და დანიის მატჩი ბრონდბიუშია დაგეგმილი და ამ შეხვედრაში შვედებს პრემიერლიგაში მოთამაშე 5 ლეგიონერი დააკლდებათ, დანიელებს კი - 7. დანიის ფეხბურთის ფედერაციამ უეფას თხოვნით მიმართა, მაგრამ ძალიან მცირეა შანსი, რომ ამან შედეგი გამოიღოს.

ამასთან: 18 ნოემბერს ‘უემბლიზე’ ინგლისისა და ისლანდიის მატჩია დაგეგმილი, მაგრამ ამ შეხვედრის ჩატარება უკვე კითხვის ნიშნის ქვეშაა, რადგან ისლანდიელებმა 3 დღით ადრე კოპენჰაგენში, დანიასთან უნდა ითამაშონ.

დანიაში რამდენიმე წაულას და 12 ადამიანს მუტაციაგანცდილი კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შემდეგ მთავრობამ 17 მილიონამდე ცხოველის განადგურება გადაწყვიტა.

კომენტარები

ბოლო ამბები