Thumbnail

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების კაპიტანი გორან პანდევი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს. 37 წლის ფეხბურთელი სკოპიეში ჩავიდა და ამდენად, გუშინ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს, მას იტალიის დატოვება აუკრძალეს, არ გამართლდა.

რეალურად, ჯენოას ფეხბურთელების ეროვნულ ნაკრებებში წასვლა თავიდან მართლაც დაბლოკილი იყო, მაგრამ შემდეგ ლიგურიის რეგიონის ჯანდაცვის უწყებამ გადაწყვეტილება შეცვალა და ფეხბურთელებს ქვეყნის დატოვების უფლება მისცა.

გორან პანდევთან ერთად ნაკრებს შუერთდნენ ნაპოლის ნახევარმცველი ელიფ ელმასი და ლიდს იუნაიტედის მცველი ეზგიან ალიოსკიც. ისინი სკოპიეში, სასტუმრო "გრანდ პლაზაში" დაბინავდნენ. მაკედონიური მედიის ცნობით, მანამდე ეროვნულ გუნდში სხვა ლიდერები, ილია ნესტოროვსკი, შტეფან რისტოვსკი, ბობან ნიკოლოვი და ვისარ მუსლიუც გამოცხადდნენ.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების დაპირისპირება 12 ნოემბერს, თბილისში, უმაყურებლო "დინამო არენაზე" გაიმართება და გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. აქედანვე ცნობილია, რომ წყვილში მოგებული ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში გამოვა, სადაც მეტოქეებად ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებები ეყოლება.

კომენტარები

ბოლო ამბები