Thumbnail

ძიუდო | ნოზაძე ფინალშია, პაპინაშვილი და ნინიაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ხორვატიაში დღეს დაიწყო ევროპის ჩემპიონატი 23-წლამდე ძიუდოისტთა შორის
  • შეჯიბრის სასტარტო დღეს მედლის აღების შანსი სამ ქართველს აქვს

ხორვატიის ქალაქ პორეცში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა 23-წლამდე ძიუდოისტთა შორის. ტურნირის პირველ დღეს ტატამიზე 4 ქართველი გავიდა, რომელთაგან 3 საღამოს სესიაში მედლისთვის იბრძოლებს.

ევროპირველობის ჩემპიონობის შანსი აქვს თემურ ნოზაძეს (60 კგ.), რომელმაც სლოვაკ დალიბორ დურკოსა და რუმინელ ლეჰელ ორბანს იპონებით აჯობა, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელი ტურან ბაირამოვი ვაზარით დაამარცხა. გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ნოზაძის მეტოქე რუსი კონსტანტინ სიმეონიდისი იქნება.

ცნობისთვის, ამ უკანასკნელმა ნახევარფინალში წმინდად ჯაბა პაპინაშვილს აჯობა, რომელმაც მანამდე გზიდან სერბი ნემანია მილიჩი და აზერბაიჯანელი იაშარ ნაჯაფოვი (ორივე იპონით) ჩამოიცილა. მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში ქართველი ძიუდოისტი იტალიელ ალესანდრო არამუს დაუპირისპირდება.

ჯაბა პაპინაშვილს ბრინჯაოს მედლის აღების შანსი აქვს

66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ასევე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს ბაგრატ ნინიაშვილს, რომელმაც უკრაინელ დანილო ხლოპეცკის ვაზარით სძლია, ფრანგი ბენჟამინ გომესი დააიპონა, მეოთხედფინალში კი აზერბაიჯანელ ნურლან ოსმანოვთან იპონით წააგო. რეპეშაჟში გადასულმა ნინიაშვილმა ჩეხ ტომაშ ბიჰნაკს შებოჭვით აჯობა, საღამოს სესიაში მისი მოწინააღმდეგე კი ესპანელი ადრიან ნიეტო ჩინარო იქნება, რომელმაც მანამდე გიორგი თუთაშვილს სძლია და შეჯიბრს ნაადრევად გამოთიშა.

ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს ფინალური ბლოკი სტარტს 19:45 საათზე აიღებს. ვთქვათ ისიც, რომ ხვალ ტურნირში ტატო გრიგალაშვილი, ვლადიმერ ახალკაცი (81 კგ.), ლუკა მაისურაძე (90 კგ.), ონისე სანებლიძე (100 კგ.) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ.) ჩაებმებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები