Thumbnail
  • 📅 12 ნოემბერი | ⌚ 21:00 | ⚽ საქართველო V ჩრდ. მაკედონია | 📺 პირველი არხი
  • ქართველები კვიპროსიდან სპეცრეისით გამოფრინდნენ

კვიპროსული ანორთოსისის ქართველი ფეხბურთელები ეროვნული ნაკრების შეკრებაზე გამოემგზავრნენ და მათ ფამაგუსტური კლუბის ქართველი თავკაც თემურ ქეცბაიაც წამოჰყვათ.

ეს, კვიპროსის ჩემპიონატის მე-10 ტურის მატჩის შემდეგ მოხდა, რომელშიც ანორთოსისმა ლარნაკას აეკ-ი 1:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

გასულ მატჩში ქეცბაიამ გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი 90 წუთი ათამაშა, ხოლო გიორგი ქვილითაია თადარიგში დატოვა.

თამაშის მერე ხუთივე ქართველმა სპეცრეისით გეზი თბილისისკენ აიღო, სადაც ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალური მატჩისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრება იწყება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთა დაპირისპირება თბილისში დინამო არენაზე 12 ნოემბერსაა დაგეგმილი და რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, გულშემატკივრების გარეშე ჩაივლის.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ პლეი ოფში თამაშის უფლება უეფას ერთა ლიგის D დივიზიონში წარმატებული გამოსვლით მოიპოვა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა პლეი ოფის ნახევარფინალში შინ ბელარუსს მოუგო (1:0), ჩრდილოელ მაკედონიამ კი თავის მხრივ კოსოვო დაამარცხა (2:1).

საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებმა ამ შემოდგომით ორჯერ უკვე ითამაშეს. ერთა ლიგის C დივიზიონში ჩატარებული ორივე დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა. ცნობილია, რომ საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის ფინალურ წყვილში გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში გამოვა, სადაც მეტოქეებად ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებები ეყოლება.

კომენტარები

ბოლო ამბები