Thumbnail
  • ერთი ქართველი ძიუდოისტი ფინალშია, ორიც კი ბრინჯაოსთვის იასპარეზებს
  • ამჟამად, საქართველოს ნაკრების აქტივში მხოლოდ 1 ვერცხლის მედალია

ხორვატიის ქალაქ პორეცში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასკვნით დღეს ტატამიზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების 3 წევრი გავიდა და საღამოს სესიაში სამივე მათგანი მედლისთვის იბრძოლებს: ილია სულამანიძეს (100 კგ.) ჩემპიონობის შანსი აქვს, მიხეილ ბექაური (90 კგ.) და საბა ინანეიშვილი (+100 კგ.) კი ბრინჯაოს მედლების მოპოვებას ეცდებიან.

სულამანიძემ საწყის ორთაბრძოლაში ჭაბუკებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს – ფრანგ კენი ლივეზს დამატებით დროში ვაზარით სძლია, ნახევარფინალში შვეიცარიელი დანიელ ეიხი დააიპონა, ფინალში კი მისი მეტოქე თურქი მერტ სისმანლარი იქნება.

ბექაურმა საწყის რაუნდებში წმინდად ფინელ არტურ კანევეცსა და პოლონელ დიმიტრი იანჩილიკს მოუგო, ნახევარფინალში კი, “გოლდენ სქორში” ვაზარიზე დაეცა ფრანგ ფრანსის დამიესთან. ბრინჯაო მედლისთვის შეხვედრაში ქართველი ძიუდოისტის მეტოქე რუსი მანსურ ლორსანოვი გახლავთ.

ინანეიშვილმა პოლონელი იაკუბ სორდილი იპონით მალევე დაამარცხა და რუს ვალერი ენდოვიცკისაც უგებდა ვაზარით, თუმცა, ბოლო წამებზე მტკივნეულ ილეთზე მოჰყვა და დანებება მოუხდა. საბა რეპეშაჟში გადავიდა, სადაც წმინდად ბელგიელ ივ ნდაოს აჯობა, მე-3 ადგილისთვის ორთაბრძოლაში კი კიდევ ერთ პოლონელ ვოიცეხ კორდიალიკს დაუპირისპირდება.

ევროპის ჩემპიონატზე ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება და იმასაც შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქართული დელეგაციის აქტივში ერთადერთი მედალია. ტურნირის სასტარტო დღეს ვერცხლის მოპოვება ლუკა კაპანაძემ (66 კგ.) მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები