Thumbnail
  • რა სხვაობაა ლებრონ ჯეიმსის და მაიკლ ჯორდანის ლეგენდებს შორის
  • ლებრონის ლეგენდა უფრო ადამიანურია
  • როცა წავა, მის მნიშვნელობას მერე უფრო დავინახავთ

ეს იყო The Jump-ის სტუდიაში. სტუმრად ტრეისი მაკგრეიდი და სკოტი პიპენი იყვნენ. თემა ჯორდანის და ლებრონის შედარება იყო გადამწყვეტ მომენტებში, პლეი ოფების ბოლო წამებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ამ მოთამაშეებს ამ კატეგორიაში თითქმის იდენტური სტატისტიკა აქვთ, არც ტი-მაკს და არც პიპენს აზრადაც არ მოსვლიათ, რომ ლებრონი MJ-სთვის ამ კატეგორიაში სერიოზულად შეედარებინათ. სტატისტიკის მიუხედავად ამაზე მათ მხოლოდ ირონიულად ეღიმებოდათ. ეს საერთო ტენდენციის ნაწილია - ჯორდანის ლეგენდა იმდენად დიდია, რომ მისდამი რწმენა, მისი მასშტაბის და სიდიადის განცდა თითქმის ირაციონალურია. განხილვას არ ექვემდებარება.

აი, ლებრონის შემთხვევაში კი პირიქითაა - არასოდეს წყდება იმ ექსპერტებისა თუ გულშემატკივარის კრიტიკული რეპლიკები, რომლებიც მეფე ჯეიმსს 4 ტიტულის, 10 ფინალის და ლიგაში სულ მცირე 10-წლიანი დომინაციის შემდეგ მაინც აკრიტიკებენ. რატომ ხდება ეს?

სიტყვა ‘მაგრამ’

სიტყვა ‘მაგრამ’ ლებრონის კარიერას ალბათ ყველაზე უკეთ ახასიათებს. მისი მომხრეებიცა და მოწინააღმდეგეებიც ამ სიტყვას ყველაზე ხშირად იყენებენ. ბოლო 10 წელიწადში 9 ფინალი (საერთო ჯამში 10), ‘მაგრამ’ ამ ფინალების უმეტესობა წაგებულია, აი, ჯორდანს კი ფინალი არასოდეს წაუგია. ეს ყველამ ვიცით. ‘მაგრამ’ MJ თავის ჩიკაგოსთან ერთად არასოდეს ყოფილა ფინალებში ისეთი აუტსაიდერის რანგში, როგორც კლივლენდი იყო 2007 წელს სან ანტონიოსთან, ან 2018-ში გოლდენ სტეიტთან.

ლებრონის სულ მცირე 3 ფინალის (2007, 2015, 2018) მარცხი ლოგიკური და იოლად ასახსნელია - თავს ზემოთ ძალა არ არის რომ ეთქმის, ისეთი სიტუაციაა. ‘მაგრამ’ მოწინააღმდეგები გეტყვიან: 2011 წლის ფინალი და დალასის კატასტროფა რა იყო? ერთ-ერთი თამაში ჯეიმსმა სულაც 8 ქულით დაასრულა - შეშინებულად და დაბნეულად გამოიყურებოდა. ჯორდანს ფინალებში 22 ქულაზე ნაკლები არასოდეს ჩაუგდია. ესეც არგუმენტია.

ზემოთ სტუდია ვახსენე მაკგრეიდით და სკოტი პიპენით. ბოლო 5 წამის სტატისტიკა პლეი ოფებში აჩვენებს, რომ ლებრონი არანაკლებ ‘ქლაჩია’, ვიდრე თვით მაიკლ ჯორდანი.

ეს სურათი ცოტა იცვლება, თუ ბოლო 24 წამის მონაცემებს ვნახავთ. ამ შემთხვევაში MJ-ის უკეთესი მაჩვენებელი აქვს. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ამ სტატისტიკაში სხვა რამეა: ფინალებში და იმ მომენტებში, როცა მისი გუნდი ვარდება, ლებრონს 7-დან 0 აქვს ჩაგდებული, ჯორდანის კი - 10-დან 6. გამოდის, რომ სტატისტიკურად, ლებრონი შეიძლება არანაკლებ ‘ქლაჩია’, მაგრამ სტატისტიკის მიღმა ადამიანური ფაქტორიც არის. ანუ, როგორ ვიმახსოვრებთ ამბავს, როგორ რჩება ჩვენში კონკრეტული მომენტი?! ყველაზე მეტად ფინალები და გასავარდნი თამაში გვამახსოვრდება, როცა ყველაფერი სასწორზე დევს და როგორც ვხედავთ, ყველაზე უფრო დიდი ზეწოლის ქვეშ ჯორდანი დასამახსოვრებელ, უკვდავ მომენტებს ქმნის, ლებრონს კი ეს ნაკლებად გამოსდის.

მათ შორის ხასიათში სხვაობა ტი-მაკმა ასე ახსნა:

‘ლებრონი ფიქრობს: მე სწორად უნდა ვითამაშო! ჯორდანი კი ფიქრობს, მე ამას ჩავაგდებ!’ - ტრეისი მაკგრეიდი

მართალიცაა. გულშემატკივრის მეხსიერებაში, მის ემოციურ სამყაროში, უფრო მეტად ჩაგდებული სროლები რჩება, ვიდრე სწორად თამაში. ეს ყველაფერი წლევანდელ ფინალებშიც ვნახეთ. ლეიკერსი 3:1-ს იგებდა, მეხუთე თამაშში ლებრონმა 21-დან 15 სროლა გამოიყენა და 40 ქულა ჩააგდო. ბოლო საჩემპიონო შეტევაში პერიმეტრზე ცარიელი დენი გრინი მოძებნა, თუმცა გრინის სროლა არაზუსტი აღმოჩნდა. ლეიკერსის ჩემპიონობა 1 თამაშით გადაიდო, თუმცა ეს მომენტი ლებრონის ხასიათზე ზუსტ წარმოდგენას გვიქმნის. ბოლო წამზე, 40 ქულის შემდეგ, მაინც ‘სწორად’ ითამაშა.

ლეგენდის შექმნა

ამ სტატიის მიზანი ლებრონის და ჯორდანის შედარება საერთოდ არ არის. არც მათი ხასიათის და სათამაშო სტილის შედარება მინდა. ორივეს თავისი გზა და თავისი სტილი აქვს. საინტერესო ის არის, თუ რატომ არ უყვართ და აკრიტიკებენ ლებრონს მაშინაც კი, როცა ის ასეთი დიდია. ანუ, რატომ არის მისი თამაში უფრო მეტი, ვიდრე მისი ლეგენდა.

ლეგენდა ვახსენე და ნებისმიერი გულშემატკივარი გააჩერეთ და ჰკითხეთ: ყველა გეტყვით, რომ კობი ბრაიანტი ბოლო წამებზე უფრო სახიფათოა, ვიდრე ჯეიმსი. არადა, კობის ბოლო წამებზე სროლების 25 პროცენტი აქვს ჩაგდებული, ხოლო ლებრონს, როგორც ვნახეთ, 40-ზე მეტი. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. გულშემატკივარი თამაშს უპირველეს ყოვლისა ემოციით აღიქვამს და არა სტატისტიკით.

კიდევ ერთი ანტილებრონული ლეგენდა, იცით რა არის?! ლებრონი აღმოსავლეთს იმიტომ იგებდა, რომ ნორმალური მეტოქეები არ ჰყავდა. არადა, ამ წლებში ლებრონის გუნდების მეტოქეებს აღმოსავლეთში მოგებული თამაშების 62-პროცენტიანი მაჩვენებელი აქვთ, ჯორდანის ჩიკაგოს მეტოქეებს - თითქმის იდენტური 64-პროცენტიანი მაჩვენებელი. ანუ, სტატისტიკა გვეუბნება, რომ მათ ფინალისკენ გზაზე დაახლოებით ერთი ძალის მეტოქეები შეხვდნენ. ‘მაგრამ’, რიცხვების იქით ემოციაც არის. ერთია, როცა პატ რაილის ლეგენდად ქცეულ ნიუ იორკ ნიქსის ქუჩის ბიჭებს უგებ ომად ქცეულ სერიებს და მეორეა, ლოური- დეროზანის ტორონტოს, ან პოლ ჯორჯის ინდიანას დამარცხება. იოლი არც ესაა, უბრალოდ, ეს გამარჯვებები უფრო ნაკლებად ეპიკურად გამოიყურება, ნაკლებად რჩება ლეგენდის ნაწილად.

ლებრონს უფრო მეტი კარიერული ქულა აქვს, ვიდრე ჯორდანს, ბევრად მეტი პასი და მოხსნა, მისი პიკი უფრო დიდ ხანს გრძელდება, თუმცა რომელია ‘მეფე ჯეიმსის’ კარიერული მომენტი - აი, ისეთი, ჯორდანის ბოლო სროლის (The Shot) საპირწონე რომ შეიძლება იყოს?!

ლებრონის კარიერის ყველაზე ეპიკური და მნიშვნელოვანი მომენტი დაცვითი თამაშია - მისი დაფარება ანდრე იგუდალაზე, გოლდენ სტეიტთან ისტორიულ მეშვიდე თამაშში.

ერთ-ერთი ეპიკური მომენტი ჯორდანის კარიერაში

თუმცა ამ თამაშს კიდევ უფრო ეპიკური მომენტიც აქვს - კაირი ირვინგის სამქულიანი ბოლო წუთზე და მოგებული ფინალი. მომენტუმი, ემოცია, ირვინგის სროლას დარჩა.

ლებრონს კიდევ ერთი ამ ტიპის სროლა აქვს. 2013 წელს სან ანტონიოსთან ფინალში, როცა მეშვიდე თამაშში მაიამი ორი ქულით იგებდა - გუნდებს თითო-თითო პოზიცია ჰქონდათ დარჩენილი და ამ დროს ლებრონმა საჩემპიონოდ ისროლა. ზუსტი სროლა, +4 და მაიამი ჩემპიონია.

‘მაგრამ’ ისევ და ისევ რომელია ამ სერიის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი? აი, ის, რომელიც ისტორიას ყველაზე მეტად შემორჩა? მარტივი კითხვაა მარტივი პასუხით: მეექვსე თამაშში რეი ალენის სამქულიანი ბოლო წამებზე. გულშემატკივრის ემოციისთვის ყველაზე მეტად ეს მომენტი დარჩა. მოკლედ, ლებრონის თამაში რომ მის ლეგენდაზე დიდია, ამას თავისი მიზეზი აქვს. ლეგენდას ემოციები, მომენტები ქმნის და ლებრონი უფრო გრძელი სიტყვის, უფრო პროზის კაცია, ვიდრე მომენტის და პოეზიის.

ადამიანი ღმერთის წინააღმდეგ

ჯორდანმა თავის 6 ჩემპიონობით წაუგებელი კაცის იმიჯი დაიმკვიდრა. მეტიც, ის ფინალებში არასოდეს ყოფილა თუნდაც მეშვიდე თამაშში. ჯორდანის ლეგენდა მისი დაუმარცხებლობის იმიჯზე დგას.

ამ ლეგენდის მიღმა იკარგება ბეისბოლიდან დაბრუნებული MJ-ის ჩიკაგოს მარცხი ორლანდოსთან და რამდენიმე მომენტი, როცა ბულსი კრიტიკულ სიტუაციებში აღმოჩნდა.

MJ გულშემატკივრის ცნობიერებაში საკალათბურთო ღმერთად დარჩა - კაცად, რომლის დამარცხება შეუძლებელია, ამის შანსიც კი არ არსებობს.

ლებრონის ლეგენდა უფრო ადამიანურია. ეს უფრო დაბრუნების ისტორიაა. ლებრონს მარცხი არაერთხელ უნახავს, თუმცა მისი მთავარი ძალა ამ მარცხიდან დაბრუნებაა.

2011 წლის დალასის ფიასკომ გამორიცხა ყველა შესაძლებლობა, რომ ლებრონს ჯორდანის ან კობის მსგავსად მისტიკური, თითქოს დემონური, დაუმარცხებელი იმიჯი ჰქონოდა. ეს ადამიანური სისუსტის მომენტი იყო.

ამ მომენტს შემდეგ სეზონში მისი კარიერის ალბათ გადამწყვეტი თამაში მოჰყვა. ბოსტონთან კონფერენციის ფინალის მეექვსე თამაშში მაიამი 2:3-ს აგებდა. ‘დიდი სამეულის’ ბედი სასწორზე იდო. ‘ტიდი გარდენში’ მაიამი ყოველთვის აგებდა. ამ დროს კუთხეში მიყენებულმა ლებრონმა საკუთარი ფსიქოლოგიური გარდატეხის მატჩი ითამაშა - 45 ქულა, 15 მოხსნა და შემდეგ უკვე ჩემპიონობა.

დაბრუნების ისტორია იყო მომდევნო წელსაც. მანამდე, სანამ რეი ალენის სამქულიანი იქნებოდა, სან ანტონიოს დაცვამ მაიამის არაფრის საშუალება არ მისცა. მეოთხე მეოთხედის წინ ‘ჰიტი’ 10 ქულას აქებდა. კუთხეში მიყენებულმა ლებრონმა ისევ იპოვა თავისი ახალი იდენტობა და ახალი ძალა - ამის სიმბოლურ ნიშნად ‘ჰედბენდის’ მოხსნა იქცა. ეს იყო მის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მეოთხედი. ‘ჰიტის’ ბოლო 38 ქულიდან 29 ლებრონმა ‘გააკეთა’ - პირადად ჩააგდო ან პასი მისცა.

ასევე დაბრუნების ისტორიაა კლივლენდის მოგება გოლდენ სტეიტთან. კავალიერსი 1:3-ს აგებდა, ზედიზედ ორი 41-ქულიანი თამაში, 3:3 და მეშვიდე მატჩის მეოთხე მეოთხედში გუნდის 18-დან 11 ჩაგდებული ქულა ისევ ლებრონის იყო. მერე რა, რომ ორივე ამ ფინალში მომენტი, ემოცია კაირი ირვინგის და რეი ალენის სროლებმა მოიპარეს. ‘ქამბექის’ ისტორია ლებრონის იყო.

წლევანდელი ამბავიც დაბრუნებაა. შარშან პლეი ოფის მიღმა დარჩენის შემდეგ, ლებრონი და მისი ლეიკერსი წელს ჩემპიონურად დაბრუნდნენ. არადა, ბევრი ფიქრობდა, რომ ასაკმა თავისი ქნა. ‘ცუდი არ არის ჩამოწერილი მეფისთვის’ - ასე დასცინა ჯეიმსმა ჩემპიონობის შემდეგ თავის კრიტიკოსებს.

ლებრონის ლეგენდა უფრო ადამიანურია. მას ჯორდანის ღვთაებრიობა, თუ კობის დემონური ძალა აკლია. ლებრონი სრულყოფილი მოთამაშეა, ალბათ ჯორდანზე სრულყოფილიც, მაგრამ ეს უფრო ადამიანური სრულყოფილებაა - თავისი ეპიზოდური სისუსტეებით, ჩავარდნებით და შემდეგ ამ ყველაფრის გადალახვით.

როცა ლებრონი წავა, მის მნიშვნელობას მერე უფრო დავინახავთ. სულ მცირე ბოლო 10 წელიწადში ახლოსაც კი არავინ დგას მასთან. მისი წასვლა იმ სიცარიელეს დატოვებს, რომელიც არც ვიცი, ვინ და როგორ უნდა შეავსოს. მისი გზა უბრალოდ განსხვავებულია - ნაკლები პიროვნული შარმით, ნაკლები ემოციით და ისტორიული მომენტებით, მაგრამ ეს ლებრონის სიდიადეს, მის ლეგენდას არაფრით ამცირებს. მას უბრალოდ სხვა გზა, სხვა სტილი აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები