Thumbnail

5 ფეხბურთელი უნდა წავიდეს - ბარსელონას სატრანსფერო გეგმები ზამთარში

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მუნდო დეპორტივო ბარსელონას სატრანსფერო გეგმებზე წერს
  • კატალონიელები 5 ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავენ
  • რონალდ კუმანის პრიორიტეტი დეპაისა და გარსიას ტრანსფერებია

ზაფხულში ჩაშლილი ტრანსფერების განხორციელებას ბარსელონა იანვარში ეცდება. მუნდო დეპორტივოს ინფორმაციით, კატალონიური გრანდი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ პირველიდან 31 იანვრამდე 26 წლის მემფის დეპაი და 19 წლის ერიკ გარსია გადაიბიროს. სამაგიეროდ, გეგმის მიხედვით, ბარსა ხუთმა ფეხბურთელმა უნდა დატოვოს.

გამოცემა წერს, რომ ბარსელონა სამუელ უმტიტის (26 წლის, კონტრაქტი 2023 წლამდე), ხუნიორ ფირპოს (24, 2024), კარლეს ალენიას (22, 2022), უსმან დემბელეს (23, 2022) და მარტინ ბრაიტვაიტის (29, 2024) გაყიდვას გეგმავს.

რამდენიმე დღის წინაც ვწერდით, რომ კატალონიურ გრანდს ფინანსური პრობლემები აქვს და იძულებულია, ფული დაზოგოს. არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ და კორონავირუსის პანდემიამ კლუბი ფინანსურ ფიასკომდე მიიყვანა.

დემბელე და კიდევ 4 უნდა წავიდეს!

დემბელემ ამ სეზონში 7 მატჩში ითამაშა და ნაწილობრივ საკმაოდ ნორმალურად გამოიყურებოდა, მაგრამ ‘მუნდო დეპორტივო’ წერს, რომ ბარსას მისი გაყიდვა მყარად აქვს გადაწყვეტილი. იმავე სტატიაში ვკითხულობთ, რომ დემბელეს გადაბირებაზე მანჩესტერ იუნაიტედში ფიქრობენ. რაც შეეხება ფირპოს: კუმანი მას უბრალოდ ვერ იყენებს. მისი გაშვების სურვილის მიზეზი ისიცაა, რომ დესტს დაცვის ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში და თუ საჭირო იქნება, ჟორდი ალბასაც შეცვლის.

უსმან დემბელეს ბარსელონაში მომავალი არ აქვს

თუ ბარსელონა დეპაის ახლა მაინც გადაიბირებს, ბრაიტვაიტი უკვე ნამდვილად აღარაფერში დასჭირდება. მისი შეძენა თავის დროზე ისედაც თავდასხმაში საკადრო პრობლემებით იყო გამოწვეული - ყველა ხვდებოდა, რომ ბრაიტვაიტს ბარსაში დიდი მომავალი არ ჰქონდა. უმტიტი და ალენია დიდი ხანია, ტრანსფერზე არიან დაყენებულები. ეს უკანასკნელი წინა სეზონში რეალ ბეტისში იყო განათხოვრებული.

პრიორიტეტები: დეპაი და გარსია

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში ბარსელონას დეპაისა და გარსიას გადაბირება სურდა, მაგრამ ტრანსფერების განხორციელება ვერ შეძლო. ბარსა და ლიონი დეპაის თაობაზე შეთანხმებულები იყვნენ (20 მილიონ ევროზე), მაგრამ კატალონიელებს ერთი ფეხბურთელი უნდა გაეშვათ, რაც არ/ვერ მოხდა. ესპანური მედიის ინფორმაციით, კატალონიელებს ერიკ გარსიას გადაბირება უფრო მეტადაც კი სურდათ - ეს უკანასკნელი მანჩესტერ სიტიში სწორედ ბარსელონას აკადემიიდან გადავიდა. ბარსამ სიტის 20 მილიონი შესთავაზა, მაგრამ ინგლისური კლუბისგან უარი მიიღო. 2021 წელს ახალგაზრდა ცენტრალური მცველი, რომელსაც მარჯვენა მცველადაც შეუძლია თამაში, თავისუფალი აგენტი ხდება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები