Thumbnail

'საქართველო ჩვენი დონისთვის გადაიზარდა' - რუსი მწვრთნელი ბორჯღალოსნებზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ქართველები დიდი ხანია ერთ ადგილას 'იხარშებიან' და ამან უარყოფითი გავლენა იქონია'
  • ნიკოლაი ნერუშს რუსების თავკაცის რანგში ბორჯღალოსნებთან არაერთხელ აქვს წაგებული

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაი ნერუშმა საქართველოს “შემოდგომის ერთა თასზე” მიწვევას დიდი წარმატება უწოდა და იმ შანსებზე ისაუბრა, რომელიც “ბორჯღალოსნებს” ახლადშექმნილ ექსპერიმენტულ ტურნირზე ექნებათ.

“ქართველები დიდი ხანია, რაც ჩვენს დონეზე “იხარშებიან” და ამისთვის უკვე გადაიზარდნენ. ბოლო პერიოდში მათზე უარყოფითი გავლენა სწორედ ამან იქონია. გუნდმა გარღვევა რომ მოახდინოს, აუცილებელია უძლიერეს მეტოქეებთან ითამაშოს. საქართველოს ჩემპიონატის დონე იმ გუნდის დაკომპლექტების საშუალებას არ იძლევა, რომელიც ელიტარულ ნაკრებებს ტოლსწორად დაუდგება. ამისთვის შესაბამისი გამოცდილებაა საჭირო. თავად ის ფაქტი, რომ საქართველო “შემოდგომის ერთა თასზე” ითამაშებს, დიდი ამბავია, დიდი ნაბიჯი ამ ქვეყანაში რაგბის კიდევ უფრო განვითარებისთვის. ის, რომ ქართველები ჯგუფურ ეტაპზე თამაშებს მოიგებენ, ალბათ, არ უნდა ველოდეთ. მათ ყოველ მატჩში კონკრეტული მიზნები უნდა გადაწყვიტონ: არ დამარცხდნენ დიდი ანგარიშით, თავად რაც შეიძლება მეტი ქულა აიღონ, მოედანზე მიკროდუელების მოგება მოახერხონ, ეს უკვე კარგი იქნება. თუკი ჯგუფურ ეტაპზე ინგლისთან, ირლანდიასთანა და უელსთან მოხერხდება, რომ საქართველოს ნაკრები შერკინებაში არ დაიჩაგროს და დაცვის ხაზი შეინარჩუნოს, უკვე ამის ხარჯზე, გუნდი დონის აწევას მოახერხებს. ვინმეს დამარცხება რთული საქმე იქნება, თუმცა, უკვე ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველო ასეთ კომპანიაში აღმოჩნდა”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ე.წ. 8 ერის პირველ მატჩს 14 ნოემბერს ლონდონში გამართავს და "თვიქნემზე" 6 ერის გამარჯვებულ ინგლისს შეხვდება. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც გუნდები ერთმანეთს მსოფლიო თასს მიღმა დაუპირისპირდებიან. ქართველი მორაგბეები მათთვის ისტორიულ ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე უელსსა (21 ნოემბერი) და ირლანდიასაც (29 ნოემბერი) ეთამაშებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები