Thumbnail

ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებს შორის უმაყურებლოდ გაიმართება. უეფას დაწესებული ლიმიტზე უარი უკვე მეორედ ითქვა და როგორც ბელარუსთან, სტადიონზე ქომაგები არც ფინალში დაიშვებიან!

ამის შესახებ განცხადება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მაია ცქიტიშვილი: "ჩემი ქვეყნის გულშემატივარი ვარ და რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხარი დავუჭიროთ ჩვენს ფეხბურთელებს, რათა ევროპულ ასპარეზზე წარმატებას მივაღწიოთ. მაგრამ, თუ ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკურ პროცესზე და ვადარებთ თამაშს - პოლიტიკური პროცესი არის თითოეული ჩვენგანის საკონსტიტუციო უფლება, არჩევნებში მონაწილეობის უფლება არის ყველაზე დიდი პრივილეგია, რომელიც აქვს ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეს. ამიტომ, საარჩევნო, პოლიტიკური პროცესი ნამდვილად განცალკევებულად და მაღალ დონეზე დგას, მისი შედარება რაიმე თამაშთან, ძალიან კარგ აქტივობასთან სამწუხაროდ არ არის შესაძლებელი. ჩვენ არ შეგვიძლია პოლიტიკური პროცესების შეზღუდვა, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ ფეხბურთზე ან კულტურულ ღონისძიებებზე, ეს არის ის, რისი შეზღუდვაც შესაძლებელია იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი მძიმე ფონი გვაქვს. რაც შეეხება უეფას ლიმიტს, ეს განსაზღვრულია კონკრეტული ქვეყნის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით და სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით საქართველოში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე ამ თამაშის ჩატარება გულშემატკივრების გარეშე მოგვიწევს და მოდით ყველამ ერთად უდიდესი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ და ‘უბალეშჩიკოთ’ სახლებიდან და დარწმუნებული ვარ, უარესად არ ითამაშებენ".

შეგახსენებთ, რომ საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩი 12 ნოემბერს, "დინამო არენაზე" გაიმართება. თამაში 21:00 საათზე დაიწყება, გამარჯვებული გუნდი კი ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის საგზურს მიპოვებს.

კომენტარები

ბოლო ამბები